მანანა ტოფაძე-გოიმანი: საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ უაღრესად საინტერესო და სასიამოვნო იყო „მოგზაურობის“ ტექსტზე მუშაობა და ვირტუალური მოგზაურობა სულხან-საბას კვალზე

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, იტალიურად ითარგმნა და გამომცემლობის “Il Saggio” მიერ გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში”. 28 იანვარს,  მილანში, სკაუტების სახლში გაიმართება  სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” პრეზენტაცია. ნაწარმოები იტალიურად თარგმნა ბერნის უნივერსიტეტის დოცენტმა მანანა ტოფაძემ.
“ქართველი და იტალიელი მკითხველისათვის უაღრესად საინტერესო „მოგზაურობა ევროპაში“ მოგვითხრობს სულხან-საბა ორბელიანის იტალიასა და ევროპაში მოგზაურობის ეპიზოდებს და ასახავს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიას”,  – გვამცნობს პრეს-რელიზი, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორი საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებელი” ავრცელებს.
News.ge დაინტერესდა აღნიშნული ღონისძიებითა და რამდენიმე კითხვით მიმართა ბერნის უნივერსიტეტის დოცენტს, მთარგმნელს მანანა ტოფაძეს.
ნინო ჩხეიძე: ქლბატონო მანანა, თქვენი სტუდენტობის წლები უკავშირდება იატალიას, ახლა ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების დოცენტი, მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით – რა გზა გაიარეთ საქართველოდან იტალიამდე?

მანანა ტოფაძე-გოიმანი: ჩემი სტუდენტობის წლები, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველ რიგში უკავშირდება თბილისს, სადაც დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი (იმ დროს ასე ერქვა ყოფილ უცხო ენათა ინსტიტუტს) გერმანული და იტალიური ენების სპეციალობით. გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლა გავაგრძელე გერმანიაში, კონსტანცის უნივერსიტეტში, ენათმეცნიერების მიმართულებით, შემდეგ კი იტალიაში, პავიის უნივერსიტეტში,  სადაც დავამთავრე დოქტორანტურა და დავიცავი დისერტაცია თემაზე „ევიდენციალობის გამოხატვის საშუალებები ქართულში“.  შემდეგი ეტაპი იყო პოსტდოქტორანტი მკვლევრის პოზიცია ბერნის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სადაც დღემდე ვუძღვები ქართული ენის კურსს. შვეიცარიაში არსებობს ქართული ენის სწავლების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელსაც გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ღვაწლმოსილმა ქართველმა მეცნიერმა, კიტა ჩხენკელმა ჩაუყარა საფუძველი. ჩემთვის დიდი პატივია და ასევე დიდი პასუხისმგებლობა ამ ტრადიციის გაგრძელება.

ნინო ჩხეიძე: ილიას „მგზავრის წერილების“ თარგმნის სურვილი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სტუდენტობიდანვე გქონდათ. ის იტალიურ ენაზე თარგმნეთ და საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, წიგნი იტალიურმა გამომცემლობა Edizioni Il Saggio-მ 2021 წელს გამოსცა.  გამოცემა ორენოვანი, ქართულ-იტალიურია.  ეს თქვენი პირველი თარგმანია?

მანანა ტოფაძე-გოიმანი: „მგზავრის წერილები“ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია. საზღვარგარეთ, სტუდენტობის წლებში, სულ ხელში მეჭირა, ხან ერთ ნაწყვეტს გადავიკითხავდი, ხან მეორეს. ეს, გარკვეულწილად, ალბათ სამშობლოს მონატრებითაც იყო განპირობებული. პირველი თავი სწორედ მაშინ ვთარგმნე, თუმცა მთარგმნელობით საქმიანობაზე იმ დროს სერიოზულად არ ვფიქრობდი და ამდენად, თარგმნა აღარ გამიგრძელებია. ამის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, იტალიაში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ინტერესი ქართული ლიტერატურის მიმართ. ერთ დღესაც მივიღე შემოთავაზება, იტალიურად მეთარგმნა თანამედროვე ქართველი მწერლის, თეონა დოლენჯაშვილის რომანი „მემფისი“. ეს იყო ჩემი დებიუტი მხატვრულ თარგმანში.  „მემფისი“ იტალიურად 2015 წელს გამოიცა და ძალიან კარგად მიიღო იტალიელმა მკითხველმა, დაიწერა არაერთი რეცენზია. რამდენიმე წლის  შემდეგ  გამომცემლობამ შემომთავაზა ახალ პროექტზე მუშაობა, ამჯერად შესაძლებლობა მქონდა, თავად ამერჩია სათარგმნი ნაწარმოები. ასე გამოიცა „მგზავრის წერილების“ იტალიური თარგმანი 2021 წელს.

ნინო ჩხეიძე:  „მემფისი“ ახსენეთ და აქვე წაგიკითხავთ ამონარიდს იტალიელი ფილოსოფოსის,  ვალტერ მინელას რეცენზიიდან: იქნებ ვინმემ ისიც იცის, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ტრადიციის ქვეყანაა, რომ მისი ენა არაა სლავური, არამედ კავკასიური ენების ჯგუფს მიეკუთვნება… და კიდევ ცოტა სხვა რამ. მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრი არაფერი ვიცით ევროპული კულტურის ამ განაპირა მხარის შესახებ. და მით უფრო დიდია გაოცება და აღფრთოვანება, რომელსაც თეონა დოლენჯაშვილის რომანი იწვევს – წიგნი, რომლის პრეზენტაცია მილანის შემდეგ ქალაქ პავიის მერიაში, მოგვიანებით კი რომში გაიმართა. წიგნის კითხვისას აღტაცებაში მოვყავართ სტილის ხარისხს, რომელსაც მანანა ტოფაძე-გოიმანის თარგმანში აღიქვამთ: ეს არის ერთგვარი სახეცვლილი რეალიზმი, მოვლენებისა და ადამიანების დიდი სიზუსტით აღწერის ნიჭი და ამავდროულად უნარი, აგრძნობინოს მკითხველს ის შარავანდედი, აურა, რომლითაც მოცული არიან ადამინები და რომელიც მხოლოდ მედიტაციაში, პოეზიაში და მოგონებებში ამოტივტივდება, იქ, სადაც, თუ მონტალეს დავესესხებით, „ყველა სურათს აწერია: „კიდევ უფრო შორს“.

საუკეთესო შეფასებაა, თქვენი, როგორც მთარგმნელის. თეონა დოლენჯაშვილის გარდა, სხვა,  ქართველი თანამედროვე მწერლის რომელი ნაწარმოები გაქვთ თარგმნილი და რა ენაზე?

მანანა ტოფაძე-გოიმანი: თანამედროვე ქართველ მწერალთაგან ამ ეტაპზე სხვა არავინ მითარგმნია.

ნინო ჩხეიძე:  ჩემთვის ცნობილია, რომ “მემფისი”-ს თარგმანის პრეზენტაცია მილანში გაიმართა საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელისა“ და ვალტერ მინელას ინიციატივით და რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდა თავად ავტორი, თეონა დოლენჯაშვილი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პრეზენტაცია თქვენთვის, როგორც მთარგმნელისათვის?

მანანა ტოფაძე-გოიმანი: საზოგადოება “სამშობლო – გულით სატარებელი“ რეგულარულად აწყობს ქართული ლიტერატურის იტალიური თარგმანების პრეზენტაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც ეს ემსახურება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას უცხოეთში. “მემფისი”-ს იტალიური თარგმანის წარდგენამ უაღრესად თბილ გარემოში ჩაიარა, ავტორთან ერთად  პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს პოეტმა ქეთი ნიჟარაძემ და მწერალმა ეკა ტოგონიძემ, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წევრები, იტალიელი სტუმრები, ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები. მილანის შემდეგ წიგნის წარდგენა გაიმართა პავიაში, რომსა და ებოლიში.

ნინო ჩხეიძე: “მოგზაურობა ევროპაში” –  სულხან-საბა ორბელიანის დღიურების წიგნი…  ნაწარმოების დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ხელნაწერებიც იშვიათია. მეცნიერთა აზრით, „მოგზაურობის“ ტექსტის დიდი ნაწილი დაკარგულად უნდა ჩაითვალოს. რატომ აირჩიეთ და რამდენად რთული იყო სულხან-საბას მხატვრულ–დოკუმენტური პროზის თარგმნა?

მანანა ტოფაძე-გოიმანი: სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ მრავალი კუთხითაა საინტერესო იტალიელი მკითხველისთვის.  „მოგზაურობის“ ტექსტში საბა დაწვრილებით აღწერს იტალიის არაერთ ქალაქს, ეკლესია-მონასტრებს, ს მუზეუმებში დაცულ ექსპონატებსა თუ წიგნებს, გვამცნობს, როგორ შეხვდა ორჯერ რომის პაპს, კლიმენტი მეთერთმეტეს და სხვა საეკლესიო იერარქებს, ასევე მოგვითხრობს იმჟამინდელი იტალიური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებათა შესახებ. გარდა ამისა, ინფორმაციას გვაწვდის ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებზე, ახსენებს 1713 წლის უტრეხტის ზავს, 1701-1714 წლების ომს ესპანური მემკვიდრეობისათვის და ა. შ. აქედან გამომდინარე,  დიდი სურვილი მქონდა, იტალიელ მკითხველსაც გაეცნო დიდი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და მაღალი რანგის დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის თვალით დანახული მეთვრამეტე საუკუნის იტალია და ევროპა. საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ უაღრესად საინტერესო და სასიამოვნო იყო „მოგზაურობის“ ტექსტზე მუშაობა და ვირტუალური მოგზაურობა სულხან-საბას კვალზე.

ნინო ჩხეიძე: 2005 წელს ღვაწლმოსილ ემიგრანტთან, ნინო ყაუხჩიშვილთან ერთად მილანში დაარსდა ქართულ-იტალიური საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“, რომლის თავმჯდომარე 2011 წლიდან ქალბატონი ნუნუ გელაძეა. სწორედ მილანში გაიმართა “მგზავრის წერილების” პრეზენტაცია 2022 წელს…

                        ნინო ყაუხჩიშვილი და მანანა ტოფაძე-გოიმანი

მანანა თოფაძე-გოიმანი: საზოგადოება „სამშობლო, გულით სატარებელი“  აქტიურად ეწევა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას იტალიაში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის საზოგადოების ხელმძღვანელს ქალბატონ ნუნუ გელაძეს, რომელიც ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილის მიერ წამოწყებული საქმის ღირსეული გამგრძელებელია. საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში მილანსა და იტალიის სხვადასხვა ქალაქებს ხშირად სტუმრობენ ქართველი მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები, დოკუმენტალისტები.  28 იანვარს კი, საზოგადოების ინიციატივით გაიმართება სულხან-საბას „მოგზაურობის“ იტალიური თარგმანის წარდგენა მილანში.

ნინო ჩხეიძე: რაზე მუშაობს ახლა მანანა ტოფაძე?

მანანა ტოფაძე-გოიმანი: ამჟამად იტალიურ-ქართულ თარგმანზე ვმუშაობ, ქალბატონ ნუნუ გელაძესთან ერთად ვთარგმნი იტალიელი მწერლის, ალესანდრო მანძონის რომანს „დანიშნულნი“. ეს რომანი იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული. მანძონის დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე იტალიური ენის ჩამოყალიბებაში, მან ბევრ მწერალსა თუ ნაწარმოებზე მოახდინა გავლენა, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.  მალე ქართველ მკითხველსაც ექნება შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე გაეცნოს მანძონის ამ ნაწარმოებს.

ნინო ჩხეიძე: წარმატებას გისურვებთ

მანანა ტოფაძე-გოიმანი: მადლობა

 

ასევე დაგაინტერესებთ