ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ექსპერტი მანანა რატიანი:
ხვალიდან აბიტურიენტებისთვის რეგისტრაცია იწყება. წარმატება თითოეულ მათგანს!
რა პრობლემები შექმნა უსახელო ავტორების მიერ მომზადებულმა რეფორმამ?
1. პროგრამები ცნობარში არააკრედიტირებულია. უნივერსიტეტებს პროგრამების გადაკეთების ვადა 1 მაისამდე მიეცათ. უმრავლესობა გადასაკეთებელია რადგან ბაკალავრიატი 4 წლიანის ნაცვლად 3 წლიანია, ხოლო მაგისტრატურა 2 წლიანის ნაცვლად 1 წლიანია. თუ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არ მოეწონა შემცირებული პროგრამები, მათ დაახარვეზებს.
2. ადგილების ჯამური რაოდენობა თითქოს საგანგაშოდ არ შემცირებულა, მაგრამ განაწილებაა პრობლემური. მოიკლო თბილისში ადგილების რაოდენობამ და გაიზარდა ქუთაისში. თუ მეგობრები ერთად გეგმავდნენ თბილისში ბინის ქირაობას, შეიძლება რომელიმეს ქუთაისში წასვლა მოუწიოს და ოჯახებს მათი შენახვა ბევრად ძვირი დაუჯდებათ. და ზოგადად, რატომ უნდა მოგინდეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება, სადაც ფსევდომეცნიერებებს ინოვაციურ პროგრამებად ასაღებდნენ ახალგაზრდებს, რომ არა ჩვენი პროტესტი, დღეს ცნობარში იქნებოდნენ შეტანილები!
3. საგრძნობლად მოიმატა კერძო უნივერსიტეტების გადასახადებმა რადგან სტუდენტი გრანტს ვეღარ იღებს, თუ სახელმწიფო სასწავლებელში არ აბარებს. შემცირდა პროგრამების ხანგრძლივობა და რადგან სამინისტრომ კვოტები ყოველწლიურად უნდა ადგინოს, არასტაბილურობამაც გაძვირებაში თავისი როლი შეასრულა.
4. აბიტურიენტი ირჩევს სპეციალობებს. ადრე ირჩევდა ფაკულტეტებს, ამის შემდეგ გადიოდა შესავალ კურსებს, იღებდა გადაწყვეტილებას, რამდენად აინტერესებდა გარკვეული სპეციალობა. წელს მოუწევს ბრმა არჩევანის გაკეთება, რადგან პროფესიული ორიენტაცია სკოლებში წლებია გაუქმებულია.
და ბოლოს, ყველაზე საგანგაშოა, რომ გამოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის სარეკლამო ვიდეოები, სადაც ქართველ ახალგაზრდებს უფასოდ სწავლას სთავაზობენ რუსეთის უნივერსიტეტებში. ასე მუშაობს რბილი ძალა ახალგაზრდების გადასაბირებლად, რაც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს ჩვენგან!




