სამკერვალო სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რის გამოც საწარმოების ნაწილს საქმიანობის შეჩერება უწევს. პრობლემა უცხოელი დამკვეთების კლებამ გამოიწვია. საქართველოს ისინი იაფ ბაზრად განიხილავდნენ, თუმცა სექტორში ხელფასების მატების შემდეგ, მათ შეკვეთების გაცემა გააჩერეს და წარმოება სხვა, უფრო იაფი მუშახელის ქვეყნებში გადაიტანეს.
სამკერვალო ,,იმერის” დირექტორი მაია სიმონიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ დღეს სექტორში ხელფასების ოდენობა თვეში 300 დოლარსა და 300 ევროს სცდება. შეკვეთების კლება კი სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. მისივე განმარტებით, სექტორში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელფასი 200 დოლარის ნიშნულს გასცდა. შეკვეთებმა სწორედ ამ პერიოდიდან იკლო.
,,ძირითადად დატვირთული ვიყავით უცხოურ შეკვეთებზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებდით. შეკვეთები ეფუძნებოდა იმ შინაარსს, რომ შედარებით დაბალი, იაფი მუშახელი ვიყავით. ამიტომ ვიყავით საინტერესო უცხოური ფირმებისათვის. ვინაიდან საქართველოში ხელფასი უკვე ისეთი იაფი აღარ არის, როგორიც იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ, ხელფასი თავისი საშემოსავლო ნაწილით 300 დოლარსა და 300 ევროს შორდება. ამიტომ იმდენად საინტერესო აღარ ვართ. არის ქვეყნები, სადაც ჩვენზე ბევრად დაბალია ხელფასი და რა თქმა უნდა, შეკვეთებიც გადანაწილდა სხვა ქვეყნებში. ეს არის გამომწვევი მიზეზი. რაც მეტად გაიზრდება ხელფასები, მით უფრო ნაკლებად საინტერესო ვიქნებით. მანამდე ვიყავით საინტერესო, სანამ ერთი თვის ხელფასი 200 დოლარამდე იყო. 200 დოლარის მერე იკლო ინტერესმა ჩვენს მიმართ და შეკვეთები წავიდა იმ ქვეყნებში, სადაც არის 200 დოლარზე ქვემოთ ხელფასი. ასეთი ქვეყანა ძალიან ბევრია. ჩვენთან 800 ლარი არის ხელფასი, თუმცა ეს ხელფასი არ არის საინტერესო. 800 ლარი თავისი საშემოსავლო ნაწილით არის 1 000 ლარი. ეს არის 300 ევრო, რაც აღარ არის საინტერესო უცხოელებისთვის.’’- აცხადება მაია სიმონიძე.
შეკვეთებმა იკლო სამკერვალო ,,იმერის’’ შემთხვევაშიც. კომპანიის დირექტორი ,,კომერსანტთან“ დატვირთვის შემცირების კონკრეტულ მონაცემს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ საწარმოებმა მუშაობის გასაგრძელებლად მიდგომა უნდა შეცვალონ. მაია სიმონიძე აცხადებს, რომ საქართველო პატარა ბაზარია და მუშაობის გაგრძელებას ის სამკერვალოები შეძლებენ, რომლებიც სახელმწიფო შეკვეთებს იღებენ.
,,რაღაცა უნდა შეცვალონ სამკერვალოებმა. ჩვენ ისეთი პატარა ბაზარი ვართ საკუთარ ბაზარზე ვმუშაობთ. სახელმწიფო შეკვეთებზე ვინც დარჩა ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ალბათ, რაღაცის შეცვლა მოგვიწევს.’’- აცხადება მაია სიმონიძე.
სამკერვალო სექტორში არსებულ პრობლემებზე ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციაში საჯაროდ საუბრობენ. აცხადებენ, რომ საწარმოების ნაწილს საქმიანობის შეჩერება უწევს. ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყნიდან უცხოურ ბაზრებზე სულ უფრო შემცირებული რაოდენობით ტანსაცმელი გადის, რაც ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებით დასტურდება. 2024 წელს ექსპორტზე ჯამურად 160 მლნ დოლარის ღირებულების, სხვადასხვა სახეობის ტანსაცმელი გავიდა. 2022 წელს ექსპორტი – 165 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
