„ლელოს” ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე დანარჩენი დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრება.
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას იშუამდგომლებს.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
გენერალურმა პროკურატურამ საერთო ჯამში ბრალი 8 პოლიტიკოსს – მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტს გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟის ფაქტს გულისხმობს.




