მამუკა ხაზარაძე – ჩვენ გვინდა მყარი, ძლიერი სიმშვიდე და არა ასეთი მოჩვენებითი – ეს არის მოღალატეობრივი, რუსული მენტალობის მთავრობა, რომელსაც არცერთი ნორმალური ქვეყანა აღარ იღებს, პრემიერის კარები დაიკეტა

სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, აქ, ჩვენ ყველას და განსაკუთრებით თქვენ, მოგვაყენეს უზარმაზარი შეურაცხყოფა. ღალატია, რომ ოკუპანტს მოუხადო ბოდიში , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ გორში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება მყარი და ძლიერი სიმშვიდე და არა მოჩვენებითი.
„მინდა გითხრათ, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს. გამარჯვება, რომელიც დაასრულებს სტაგნაციას, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. გამარჯვება, რომელიც დაამთავრებს მოღალატეობრივ დამოკიდებულებას ჩვენი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ.
აქ, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ყველას და განსაკუთრებით თქვენ, მოგვაყენეს უზარმაზარი შეურაცხყოფა. ის განცხადება არის ღალატი. ღალატია, რომ ოკუპანტს მოუხადო ბოდიში. ჩვენ ბოდიშს არ ვიხდით, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ უხდის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ანწუხელიძის სამშობლო, „ნაღდი“ ქართველების სამშობლო და ამავე დროს ჩვენ გვინდა მყარი და ძლიერი სიმშვიდე და არა ასეთი მოჩვენებითი. ვინა, თუ არა თქვენ, განიცადეთ ის ტკივილი, სისხლის ღვრა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინათ ამ ქუჩებში ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ. ვინ, თუ არა თქვენ, დღესაც იშუშებთ იმ იარებს, რომელიც, ალბათ, არასდროს მოშუშდება. მე მინდა გითხრათ, რომ ამ სიტუაციას არ მივყავართ იმ რეალობამდე, სადაც არის ნამდვილი მშვიდობა, თავისუფლება, განვითარება. ამ სიტუაციას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, მივყავართ უკან. ჩვენ აქ ვართ ერთად, იმიტომ, რომ ეს სიტუაცია შევცვალოთ 26 ოქტომბერს. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოება კარგად უნდა დაფიქრდეს სჭირდება თუ არა მთავრობა, რომლისთვისაც პარტნიორების მხრიდან კარი დაკეტილია.
„ეს არის მოღალატეობრივი, რუსული მენტალობის მთავრობა, რომელსაც არცერთი ნორმალური ქვეყანა აღარ იღებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კარები დაიკეტა ყველგან და ეს არის სამარცხვინო. ასევე, მათი წევრები არიან დასანქცირებულები. ამიტომ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს ჩვენი საზოგადოება, სჭირდება თუ არა ქვეყანას ის მთავრობა, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან კარებდახურულ სივრცეში იმყოფება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო