მამუკა ხაზარაძე „ღირსეული პარტნიორი 2024“- ის გაურკვეველი დროით გადადებაზე – ეს არის იმის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი რუსული პოლიტიკით მოიტანა

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის შეფასებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადება არის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის და მომავალი სტაბილურობისთვის კატასტროფული შედეგის მომტანია.
როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ერთადერთი გამოსავალი ოქტომბერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გასტუმრებაა.
„ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ჯარისთვის, მომავალი სტაბილურობისთვის კატასტროფული გადაწყვეტილება. ეს არის იმის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში თავისი რუსული პოლიტიკით მოიტანა. 33 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამ შემთხვევაში, ყველა სფეროში გვეხმარებოდნენ, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, როცა ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ოფიცერთა კორპუსი საერთაშორისო სტანდარტის დონეზე გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ გააგრძელონ „ქართული ოცნების“ არანაირი პროექტი, რომელიც მომავალში საქართველოში რუსულ პოლიტიკას წარმოადგენს. ერთადერთი გამოსავალია, ოქტომბერში რუსული ხელისუფლება გავისტუმროთ და დავაბრუნოთ ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წინსვლას და სტაბილურობას ემსახურება“,-განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება დასანანია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. „სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის „მტკიცე სული 2025“,-ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს