მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე: არ ვაღიარებთ პარლამენტს და შესაბამისად, იმ „ფანჩატურს“

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა – „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოკითხვა კი ამ საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა.
„მთავარი კითხვა არის, რატომ არ მივედი ე.წ. პარლამენტის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ვუწოდე ცირკი და ბიძინას შოუ… მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის რუსული მეთოდით გააყალბა“, – თქვა მ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მისი გამოკითხვის დასრულებას ჟურნალისტები სხდომათა დარბაზთან ელოდნენ – სასამართლოს შენობაში შესვლამდე კი პოლიტიკოსმა დროებით საგამოძიებო კომისიას „ფანჩატური“ უწოდა.
„როცა არ ვაღიარებთ პარლამენტს და შესაბამისად, ვტოვებთ პარლამენტს, არ ვაღიარებთ იმ „ფანჩატურს“, ანუ იმ ცირკს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა… ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ღვარძლიანი ადამიანი… ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს “, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ელოდნენ, როცა გამოკითხვა ტარდებოდა შპს „მაგნატის“ საქმეზე. იმის გამო, რომ პოლიტიკოსი სხდომაზე არ მივიდა, თეა წულუკიანის კომისიამ საქმე პროკურატურას გადაუგზავნა.
„მაგნატის“ მფლობელი ჯემალ ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება. მისი თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო მამუკა ხაზარაძეც.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
საგამოძიებო კომისიის სხდომებზე მისვლაზე უარი თქვეს: მამუკა ხაზარაძის თანაგუნდელმა ბადრი ჯაფარიძემ და წინა ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ორივეს წინააღმდეგ საქმე პროკურატურას გაუგზავნეს.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
ფორუმი