როგორც წესი, „რუსული ოცნების“ „სტრატეგები“ საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ ხოლმე. თუმცა ამჯერად, მათი მოლოდინი, რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა! – ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის მოვლენების ავანგარდშიც და ეს „ოცნებისთვის“ ბევრის მანიშნებელი უნდა იყოს.
„ბათუმელმა სტუდენტებმა ახალი სიცოცხლე შემატეს პოლიტიკურ პროცესს და თქვეს, რომ არ მოაპარვინებენ ბიძინას თავიანთ ევროპულ მომავალს!
ბათუმის უნივერსიტეტი იყო 6 მაისის მოვლენების ავანგარდშიც და ეს „ოცნებისთვის“ ბევრის მანიშნებელი უნდა იყოს!
ბათუმელ ახალგაზრდებს უკვე თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდნენ და ახლა ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს!
მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ახალგაზრდების პროტესტს, რადგან ისინი, ისევე როგორც ამომრჩეველთა უმრავლესობა, დღეს საქართველოს ახალ ისტორიას წერენ! და ეს ისტორია აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი ქვეყნის – ბიძინა ივანიშვილის გარეშე!“, – განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ გუშინ აქცია გამართეს და პროტესტის ნიშნად ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. ბათუმელი სტუდენტების განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს არჩევნების შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ისინი დღეს, 18:00 საათზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავენ.