პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ნარატივი, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან ლაპარაკი არ შეუძლია, ტყუილია. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მას 2021 წლის არჩევნების მაგალითი მოჰყავს.
როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებს გაერთიანებული კოალიციური პარტიები მოიგებდა.
„როდესაც არის ლაპარაკი და ნარატივი მიდის, რომ ოპოზიციას არ შეუძლია ერთმანეთთან ლაპარაკი, ესეც არის ტყუილი. თქვენ გახსოვთ, როდესაც სააკაშვილი დაპატიმრებული იყო არჩევნების წინა დღეს, მეორე ტურში ჩვენ, 4-მა პარტიამ, ძალიან სერიოზული პოლარიზების ფონზე, შევქმენით კოალიცია და ქალაქ თბილისში 45% ავიღეთ. რომ არ ჩამოსულიყო მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არჩევნების წინ, პირდაპირ გეუბნებით, რომ თბილისი და სხვა დიდი ქალაქები გაერთიანებულ კოალიციურ პარტიებს ექნებოდა მოგებული“, – განაცხადა ხაზარაძემ.
გარდა ამისა მამუკა ხაზარაძემ მისი ოპოზიციაში ყოფნის მოტივზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბარა და განაცხადა, რომ ის ოპოზიციაში იმიტომ არის, რომ საქართველო ძალიან სერიოზული ანექსიის წინაშე დგას.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღებული აქვს, თუმცა ხელისუფლება ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს.
„მე როლში კი არ ვარ, მე ვარ ოპოზიციაში იმიტომ რომ რეალურად მჯერა, რომ ქვეყანა არის ძალიან სერიოზული ანექსიის წინაშე. მე იმიტომ კი არ ვარ ოპოზიციაში, რომ ვიღაცისგან რაღაცა მეწყინა, იმიტომ ვარ, რომ გულწრფელად ვხედავ ქვეყანა საით მიექანება. ქვეყანას ერთი მხრივ სტატუსი აქვს მიღებული, მაგრამ შინაარსობრივად, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ატარებს სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, აგრესორი რუსების ინტერესს. აი, ეს არის პრობლემა,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.