2 საათში „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, რუსულ ხელისუფლებას დავამთავრებთ და საქართველო ძლიერი ქვეყნის მშენებლობას დაიწყებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ხაზარაძემ საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით კი Gen Z-ის მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
„17:00 საათის მონაცემებით, აქტიურობა არის 51%, ეს არის ძალიან მაგარი აქტიურობა. ეს ნიშნავს, რომ გამარჯვება არის ძალიან ახლოს. სულ რაღაც 2 საათში ჩვენ „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, რუსულ ხელისუფლებას დავამთავრებთ და საქართველო ძლიერი ქვეყნის მშენებლობას დაიწყებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც ჯერ კიდევ არ გასულხართ არჩევნებზე, განსაკუთრებით Gen Z-ის. აი, ეს ადამიანები, ახალგაზრდები, ვინც ჩვენთან დღეს დგანან და ვინც დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენს შტაბში მუშაობს იმიტომ, რომ არცერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს და დაიცვას. თქვენს გამოსვლაზე, თითოეულ ხმაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი გამარჯვება.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მხნედ მივიდეთ, მხარი დავუჭიროთ განსხვავებას, თავისუფლებას, ევროპულ არჩევანს, იმიტომ, რომ დღეს თითოეული თქვენგანი ისტორიას დაწერთ. ისტორია, რომლის დაწერის შანსი თითოეულ ჩვენგანს მოგვეცა. ამიტომ ძალიან მაგრად იყავით, თამამად გამოდით და ამ 2 საათში დავამთავროთ რუსული ხელისუფლება საქართველოში“, – განაცხადა ხაზარაძემ.