არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კითხვას აუცილებლად გასცემენ პასუხს სასამართლოში.
„ეს არგუმენტი არის ჩვენი პოლიტიკური ხედვა, ჩვენ პარლამენტს ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ, ამის გამო ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მანდატები დატოვა, არ თანამშრომლობს ამ პარლამენტთან, უფრო მეტი, მას არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა. არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც ეს პარლამენტი შეიძლება იყოს ჩათვლილი ლეგიტიმურად.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ექვემდებარება სრულად პროკურატურა და სასამართლო, მზად ვართ მისივე სასამართლოში, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც შეიძლება არსებობდეს – მოგონილი, ტყუილი, დოკუმენტირებული მზად ვართ სასამართლოს წინაშე არგუმენტირებულად გავარჩიოთ. არ ვამბობთ რომ არ მოვდივართ და პასუხებს არ გავცემთ, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად გავცემთ პასუხს სასამართლოში. მე პატივს ვცემ საზოგადოებას, ჩემსა და ბადრი ჯაფარიძის განვლილ ცხოვრებას, არაფერია დასამალი, მით უმეტეს დასაყვედრებელი. თავის სამართლებელი არ გაგვაჩნია. როგორც ნებისმიერ ადამიანს, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ ეს არ ყოფილა კანონის დარღვევა, არასდროს ყოფილა სხვისი ქონების მითვისება, ნარატივს კულტივირებენ რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილა ბინების წართმევა და სხვისი ბიზნესების წართმევა, მასზე ხელის მოთბობა. ვერ ნახავთ ვერცერთ მაგალითს, სადაც ჩვენ სხვისი დაწყებული ბიზნესი დავიტოვეთ და მასზე რაღაც ბიზნესი დავაშენეთ, ისე როგორც ვინმეს ქონება“,- აღნიშნა ხაზარაძემ.
