“მე წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებთან კონტაქტი არ მქონდა. რატომ არ მქონდა, გეტყვით: 2003 წლიდან, როგორც კი მთავრობაში მოვიდნენ, 2006 წლამდე, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. ამ საქმეს “ბორჯომის საქმე” ერქვა და პროკურატურაში გვატარებდნენ.
2005 წლიდან 2012 წლამდე, მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, მე მართმევდნენ ქონებას, რომელიც პრინციპულად არ დავთმე და სასამართლოს მივმართე. იმ დროს, ყველაფერი დამიყადაღეს, ეს საქმე კი 6 წელზე მეტი გრძელდებოდა. მე ან ბადრი ჯაფარიძეს რა ინტერესი უნდა გვქონოდა, როგორც ახლა ნარატივს ქმნიან, რომ თითქოს, ვიღაც ჩვენზე ზემოქმედებას ახდენდა. ზემოქმედება უნდა იყოს, როცა ან ვიღაცის გეშინია, ან რაიმე სარგებელს ნახულობ.
მხედრიონის დროს, იარაღი შუბლზე მქონდა დადებული და იმათ არ გავრიგებივარ. 54 დღის განმავლობაში, ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული და მათთან არ წავსულვარ კომპრომისზე და თავი არ დამიხრია. 90-იან წლებში, ჩემი 2 ბიძაშვილი მოკლეს და მაშინაც არ გავრიგებივარ კრიმინალს, არც მაშინდელ ხელისუფლებას და ჩინოვნიკებს, რომლებიც აქეთ და იქით მხრიდან მაწვებოდნენ, რომ რაღაცნაირად ჩვენზე ზემოქმედება მოეხდინათ. როგორ შეიძლება, ნაციონალური მოძრაობის დროს, ჩვენ რაიმე გარიგებაში ვყოფილიყავით”. – თქვა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ფორმულას” ეთერში.
25 მარტს ჩატარებულ, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.
სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.