მე არ ვემალები მართლმსაჯულებას. მზად ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ არ არსებობს ძალა, სასჯელი, რომელიც ჩემს რწმენას წინ აღუდგება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა მის მიმართ წარმოებულ საქმეზე.
„ბოლო 5 წელია საქართველოში ვმოღვაწობ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლად, „ლელო – ძლიერი საქართველოს” დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე ვარ. ბიზნესსაქმიანობას ვეწეოდი და ჩართული ვიყავი ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიც ანაკლიის პორტია. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვიყავი, ნორმალური ურთიერთობა მქონდა იმდროინდელ მთავრობასთან და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან, როგორც კი ეს პროექტი იქნა გაჩერებული, ჩავთვალე, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. როცა „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები განდევნეს, გადავწყვიტე პოლიტიკური მოძრაობა გამეკეთებინა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურად პარტიად იქნა დაფუძნებული, რის შემდეგაც ჩემზე და ჩემს თანამებრძოლ ბადრი ჯაფარიძეზე პოლიტიკური ვენდეტა დაიწყო”,- განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მათ მიმართ მედია პროპაგანდა და „ჩირქის მოცხება” დაიწყეს.
„არ მქონია არც ერთი სასამართლო დავაც, სადაც ვიღაც იტყოდა, რომ მამუკა ხაზარაძემ ვინმეს რამე წაართვა. შეტევა დაიწყო, ძალიან დიდი ღვარძლიანი ცილისწამებისა. ეს გრძელდება დღემდე სახელმწიფოს კონტროლირებადი მედიასაშუალებებით…მეორე მიმართულება იყო სამართლებრივი დევნა. „ფულის გათეთრების” ამბავი იქნა მოგონილი. 3 წელიწადნახევრის განმავლობაში ამ დარბაზებში დამატარებდნენ და ვერანაირი ბრალეულობა „ფულის გათეთრებასთან” დაკავშირებით ვერ დამტკიცდა, რაც ქალბატონმა პროკურორმა განაცხადა, რომ ჩვენ რაღაც მოგვისაჯეს, აბსურდის თეატრია. ეს საქმე სტრასბურგშია და გაიგებთ ამ საქმის აბსურდულობას. ქალბატონმა პროკურორმა თქვა საზღვრის კვეთაზე და კავშირებზე, დიახ, მე მაქვს [კავშირები], მაგრამ არ ყოფილა ფაქტი, ერთი დღით მაინც დამეგვიანებინა გაცხადებულ თარიღზე, არც ერთი სხდომა არ გამიცდენია. ჩვენი გაშავების პროცესი გრძელდება. ჩვენი ე.წ. პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. ბატონო მოსამართლე, მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ პარლამენტში არჩეული დეპუტატი ვარ… ჩვენ ეს მანდატები არ დავიტოვეთ, არალეგიტიმურად ვაღიარეთ პარლამენტი, მე პროტესტი პოლიტიკურად განვაცხადე. ე.წ.პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიას უნდობლობას ვუცხადებ, არ ვაღიარებ მას. რა საკითხზე ვიყავი დაბარებული – 14 წლის წინანდელი, „თიბისი ბანკის” ერთ-ერთი კლიენტის საკითხია, ამ ადამიანს არ ვიცნობ, არც საკონტრაქტო ხელშეკრულებაში არ ვყოფილვარ მასთან, ის რაღაცებს ჰყვება და „ქართული ოცნების” წევრები საქმეს არჩევენ, რომ საქართველოს მოქალაქეების თვალში გააძლიერონ ნარატივი, რომ თითქოს, ხაზარაძე ბინებიდან აძევებდა ხალხს, ბიზნესებს ართმევდა, რაც აბსოლუტური ტყუილია. ამ ნარატივს ემსახურება მთელი ეს კონცერტი, რაც კომისიის სახითაა. მე არ ვემალები მართლმსაჯულებას.
ორი არგუმენტი აქვს ჩემს არ მისვლას – არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური კომისია, რომელიც ქართული, ეროვნული ინტერესის უგულებელყოფას ემსახურება, ასევე საიდუმლო ინფორმაციის პირდაპირ ეთერში გაჟღერებას, იმ საქმეზე, რომელიც ჰააგაში მოგებული აქვს საქართველოს. საქართველოს ომი არასდროს დაუწყია, ჩვენ ვიცავდით თავს, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, დავიცვა ეს პოზიცია. და ბოლოს, ეს პროცესი გაგრძელდება, ჩემი ბრძოლაც გაგრძელდება, რადგან ქვეყანა ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა ევროატლანტიკურ სივრცეს ჩამოაშორა… მზად ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ არ არსებობს ძალა, სასჯელი, რომელიც ჩემს რწმენას წინ აღუდგება”,- განაცხადა ხაზარაძემ.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
