უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ. ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს საჯარო მოხელეებს: დაფიქრდნენ და „გაეცალონ” ბიძინა ივანიშვილს “სანამ დროა“.
„როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?!
ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს.
ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა – გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით, როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით.
დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება! დრო ძალიან ცოტა დარჩა!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.
