ჩვენ ვიქნებით ყველაზე მთავარი ცენტრი ოპოზიციის ფლანგზე, იმიტომ, რომ ადამიზანები, ჩვენი მოქალაქეები ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცით, ძველი პოლიტიკის კეთებით დაიღალნენ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, პოლიტიკაში ახალი სახეების შეყვანა, რათა ქართული პოლიტიკური სივრცე მთლიანად გაჯანსაღდეს.
ხაზარაძემ ასევე ისაუბრა უკვე არსებულ გაერთიანებაზე და მის გაფართოებაზე და აღნიშნა, რომ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
„ჩვენ ვიქნებით ყველაზე მთავარი ცენტრი ოპოზიციის ფლანგზე, იმიტომ, რომ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცით, ძველი პოლიტიკის კეთებით დაიღალნენ. ჩვენი ამოცანა იყო არის და რჩება ახალი სახეების, ახალგაზრდების შემოყვანა წინა პლანზე და მათი ხელშეწყობა, რომ მთლიანად გავაჯანსაღოთ ქართული პოლიტიკური სივრცე, ქართული ინსტიტუციები და შემოვიყვანოთ ის განათლებული ადამიანები , რომლებიც აქამდე არ ფიქრობდნენ პოლიტიკაში მოსვლაზე. ნათელი მაგალითია ლევან ცუცქირიძისა და მისი მეგობრების მიერ დაფუძნებული „თავისუფლების მოედანი“. მე ამ ადამიანებთან ვმეგობრობ, შეთავაზებაც მქონია ოთხი წლის წინ მათთან, რომ პოლიტიკაში წამოსულიყვნენ, მაგრამ იმ დროს არ თვლიდნენ, რომ რაღაც ემუქრება საქართველოს ისეთი, რომელიც მათ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. დღეს ისეთი ადამიანები შემოვიდნენ ჩვენთან, რომლებისთვისაც პოლიტიკა იყო ყოველთვის განყენებული ამბავი. არაჩვეულებრივი ადამიანები ჰყავს გუნდში ანა დოლიძესაც.
რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ჩვენ გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ მიგვიღია, ეს არის მსჯელობის საკითხი, არანაირი შეერთება ჯერ არ მომხდარა. ამაზე იმსჯელებს ჩვენი ახლადშექმნილი პლატფორმა და თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ამის შესახებ მოგახსენებთ. ის, რომ მე მას ხელი ჩამოვართვი, ნიშნავდა შემდეგს – ადამიანს რომ ელაპარაკო საქმეზე, ჯერ მას უნდა ჩამოართვა ხელი, დაივიწყო წარსული, თუ რამე წყენა იყო. თან წყენა დაივიწყო, თან შერიგდე და თან თქვა, რომ უკვე პარტნიორები ხართ, ასე არ ხდება. ჩამოვართვით ხელი, ვთქვით, რომ არის სერიოზული გამოწვევა საქართველოს მხრიდან და ყველა იმ ძალამ, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, უნდა მოახერხოს, რომ პიროვნულ წყენებს დაუსვას წერტილი. იმის გახსენება, რა იყო ხუთი წლის წინ, როცა თავზე გვენგრევა მთელი სახელმწიფო, ამაზე საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ის კონფლიქტი ამოწურულია“ , – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, თუ კი მოხდა წყენის დავიწყება ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა იგივე მოხდეს გიორგი გახარიასთან მიმართებაში, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ ელისაშვილთან პიროვნული წყენა აკავშირებდა და გახარიას შემთხვევაში საქმე უფრო რთულად არის, რადგან ის კითხვები, რომლებიც მასთან დაკავშირებით გააჩნია, მთელ საზოგადოებას აწუხებს.
„მინდა, გახარიასა და ელისაშვილს შორის მკაფიო განსხვავებაზე ვისაუბრო – ალეკო ელისაშვილთან მე მქონდა პიროვნული კონფლიქტი და არანაირ სახელმწიფოებრივ საკითხზე არ მქონია მასთან დაპირისპირება. გახარიასთან კითხვები არა მარტო მე მაქვს, არამედ საზოგადოებას. აქ არანაირი პიროვნული ამბავი არ არსებობს. აქაც მე დავდექი ჩემს პრინციპებსა და ჩემს თავზე მაღლა. არანაირი პიროვნული საკითხი არ გამაჩნია გახარიასთან, გარდა იმ ოთხი კითხვისა, რომელიც მეც და საზოგადოებასაც გვაწუხებს. რაღაც ჩვენს გვეხება, რაღაც – ფართო საზოგადოებასაც. მაგალითად, ანაკლია ეხება მთელს ქვეყანას. ის პასუხები, რაც გაცემული აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე არ მაკმაყოფილებს, თუ ვინმეს აკმაყოფილებს, მაშინ იმათთან გაფორმდეს ალიანსი. „მოითმინოს კიდევ ხუთი წელი“ , – ასე არ ელაპარაკებიან იმ ადამიანებს, ვისთანაც გინდა რაღაცის გაკეთება.
ქართულ პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება, თუ ადამიანებმა არ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. არ შეიძლება, ერთს ებრძოდე, იმიტომ, რომ არის ცუდი და მეორესთან გააკეთო ალიანსი, იმიტომ, რომ მან გადაწყვიტა პოლიტიკაში საქმიანობის გაგრძელება ისე, რომ არ გაუცია იმ ცუდისთვის პასუხი, რომელიც მან ჩაიდინა. ჩემთვის დიდ ბრძოლაში მნიშვნელოვანია გულწრფელი დამოკიდებულება და სიმართლის თქმა. მექანიკური გაერთიანება არ გამიკეთებია არასდროს და არ გავაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ ციფრები რაღაცას გვეუბნებიან. ჩემთვის შინაარსს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ პრინციპს არ ვუღალატებ“ , – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.