დღეს, 2 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
მას ბრალი წაყენებული აქვს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.
“მე მინდა გითხრათ რასთან გვაქვს საქმე, ეს არის იდეა, რომელიც ესმის ყველა პატრიოტ, ყველა პასუხისმგებლობიან მოქალაქეს, ყველა ქართველს, ვისთვისაც თავისუფლება, დემოკრატია და დამოუკიდებლობა არის ძალიან ღირებულია, სწორედ ეს იდეა და ეს ბრძოლა, რომელშიც ჩავერთე და რომელსაც პერსონალურად და ჩემს მეგობრებთან, იმ მოქალაქეებთან ერთად, ვისაც სურს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს ევროპული გზით და რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ ამ ქვეყანაში, იყოს დამოუკიდებელი, ჰქონდეს მძლავრი უსაფრთხოება, ჰყავდეს მეგობრად დემოკრატიული ქვეყნები და იაროს ამ გზით, სწორედ ამ იდეის გამო ვდგავარ მე აქ და სწორედ ამ იდეის გამო არიან ის ახალგაზრდები, რომლებსაც მე რამდენიმეს გარდა პიროვნულ არ ვიცნობ, არიან საპყრობილეში. ამ იდეის გამო ვარ მე აქ და არ ვღალატობ იმ იდეას რის გამოც ჩემი მეგობარი, ვეფხო კასრაძე, 5 შვილის მამა, ყველა ბრძოლის მეომარი დღეს იხდის სასჯელს აბსოლუტურად დაუმსახურებლად! ამ იდეის გამო არის ეს ბრძოლა, ამიტომ შემოვედი პოლიტიკაში და არ ავირჩიე სხვა გზა. დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ყველა ის ადამიანი, რომელიც დარჩა საქართველოში, რომლებიც ემიგრაციაში არიან და ერთი სული აქვთ დავადგეთ განვითარების გზას, წავართვათ ბიძინა ივანიშვილს მიტაცებული ქვეყანა, მიტაცებული სასამართლო, პროკურატურა და ყველა უწყება და რაც ყველაზე მთავარია, წავართვათ იმის საშუალება რომ ეს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს. აქ მამუკა ხაზარაძეზე არ არის საუბარი, აქ საუბარი სწორედ ამ იდეაზეა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, მტკიცე მშვიდობით, განვითარების გზაზე მდგარი. ეს ყველაფერი ემსახურება ამას. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შევხვდები მშვიდად”, – განაცხადა ხაზარაძემ პროცესის დაწყებამდე.
მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა წულუკიანის კომისიაში მონაწილეობაზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
ხაზარაძის გარდა კომისიაზე სხვა არაერთი ადამიანიც არ მივიდა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე და ა.შ.
