მამუკა ჟღენტი: სანიკიძემ და ზარქუამ მინიმუმ დღე-ნახევარი, ერთი ღამე გაატარეს იზოლატორში

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა პოლიტმეტრის ეთერში განაცხადა, რომ ოცნების წევრებმა, ვიქტორ სანიკიძემ და მ მინიმუმ დღე-ნახევარი, ერთი ღამე გაატარეს აბუ-დაბის იზოლატორში.
“არ არის გასაკვირი, რომ ისინი პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ატყუებენ. ნამდვილად, 5 ადამიანი იყო დაკავებული მათი მხიდან და აქედან რამდენიმემ 3-4 დღე გაატარა იზოლატორში. პირადად ბატონმა ზარქუამ და სანიკიძემ მინიმუმ დღე-ნახევარი, ერთი ღამე გაატარეს აბუ-დაბის იზოლატორში. მე რამდენადაც ვიცი, ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან და მეორე მხარესთან იქაც კი ჰქონდათ ვერბალური შელაპარაკება”, – განაცხადა ჟღენტმა.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესი ფიზიკურად არ წარმართულა და ონლაინ ჩატარდა. ამასთან, ჟღენტი აღნიშნავს, რომ ზარქუას განცხადება, თითქოს მათ ჯარიმის სახით 3-4 ათასი დოლარი გადაიხადეს, მცდარია და რეალურად თითოეულ მათგანს 10 000 ევროზე მეტის გადახდა მოუწიათ.
“სასამართლო პროცესი, როგორც წესი, ფიზიკურად არ წარმართულა და ონლაინ ჩატარდა. ისინი ნამდვილად ისხდნენ დაკავების იზოლატორში. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ რა თანხით დაჯარიმდნენ, თუმცა ფაქტია, რომ იტყუებიან. მინიმუმ 10 000 ევროზე მეტის გადახდა მოუწია თითოეულ მათგანს – ყოველ შემთხვევაში, ზარქუასა და სანიკიძეს. ადვოკატებსაც საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს, რათა რაიმე დახმარება აღმოეჩინათ მათთვის”, – აღნიშნა ჟღენტმა.
ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, აბუ-დაბის სასამართლომ ის და ვიქტორ სანიკიძე დააჯარიმა. მან ამის შესახებ პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
“იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. [..] მესამე დღეა რაც ჩვენ ჩამოვედით, [..] ჯარიმა გამოიწერა, დირჰამებში, იქ ჩვენ გვყავდა მეგობრები, ვინც გადაიხადა ეს ჯარიმა და ახლა ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით”, – თქვა ზარქუამ.
ამას გარდა, ზარქუა ამტკიცებს, რომ ბიჭს, რომელმაც თეფში ისროლა და დაპირისპირებისას არალეგიტიმური დეპუტატების მხარეს იყო, არ იცნობს.
13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ-დაბიში მყოფ ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.