26 მოგების დღეა, ყველა გაგებით, ყველა ამპლუაში ჩვენ ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ, საქართველომ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს – ალბათ, ცოტა ხნის წინ, ხომ ვერავის წარმოიდგინა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენ გუნდთან შეხვედრის დროს უგოლოდ და წარმატების გარეშე დატოვებდა მოედანს, მაგრამ ეს შეძლეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, მსოფლიო პრესა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე წერს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე თავისი სიტყვა თქვეს.
„მათ არათუ ის დაამტკიცეს, რომ შემთხვევით იქ, არავინ მოხვედრილა, არამედ დაამტკიცეს, რომ არავისზე ნაკლები ეროვნული ნაკრები არ გვყავს, არავისზე ნაკლები სიამაყე და შემართება არ აქვთ ამ ბიჭებს და არავისზე ნაკლები საბრძოლო ჟინი არ გვაქვს ქართველებს. ყველაზე კარგი იცით რა არის და რა მიხარია? ქართველებმა, როგორც იქნა, ვირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების, ქართველებმა, როგორც იქნა, ვირწმუნეთ იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია და ამ პროგრესმა, სიამაყემ, შემართებამ, ჟინმა დაგვანახა, რომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს შეუძლია მოგება, წარმატება და ეს ჟინი უნდა გაგვყვეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
სხვათაშორის, მინდა, გავიხსენო ირაკლი კობახიძის სიტყვები, რომელმაც ჩეხეთთან თამაშის შემდეგ თქვა, რომ „26 ჩვენი დღეა“ და 26 მართლაც ჩვენი დღეა, 26 მოგების დღეა, ყველა გაგებით, ყველა ამპლუაში ჩვენ ყოველთვის უნდა გავიმარჯვოთ, საქართველომ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განაცხადს, რომ ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, დამატებით კიდევ 30 მილიონი, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ეროვნულ სიამაყესთან ერთად დამატებითი სტიმულია, რომ ქვეყნის პატრიოტი ადამიანი ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე.
„ამ შემთხვევაში, შემთხვევითი ნამდვილად არ არის ბიძინა ივანიშვილი და დამატებით სტიმულს აძლევს ეროვნულ ნაკრებს, დამატებით მოტივაციას აძლევს, იმიტომ, რომ ძირითადი მოტივაცია ეს არის ქვეყნის სიხარული, ბრძოლის, გამარჯვების ჟინი, შენი ქვეყნის და შენი ხალხის გახარების სურვილი“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „ძალიან მაგარია, რომ სოლიდური ჯილდო ერგებათ ჩვენ ბიჭებს“.