„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხელისუფლების გადაბარების გზებზე არ ფიქრობს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე აქვს თუ „ქართულ ოცნებას“ წაგების შიში, მდინარაძემ უპასუხა, რომ „არა!“.
„ჩემი დაშვება არის იმ ხარისხის, რა ხარისხითაც ეს მე ჩემს ბრიფინგის ტექსტში ვთქვი, რომ „თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა“ [ ოპოზიციური პარტიები]… ამის არანაირი პრაქტიკული შანსი არ არის. მე უბრალოდ ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ კარგად დაფიქრდეს და გაანალიზოს, ვის აძლევენ ხმას. ერთი ხმაც კი როგორ შეიძლება მიიღოს იმ პირთა ჯგუფმა, ვინც იმას აკეთებს, რაზეც ვისაუბრე. ეს ოთხი პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“; „ახალი“; „ძლიერი საქართველო“; „გახარია საქართველოსთვის“ ერთმანეთზე უარესი დამნაშავეები არიან საკუთარი ქვეყნის წინაშე. ეს ოთხი პარტია, თავისი წარმომადგენლებით, ამ ქვეყნის ერთმანეთზე უარესი მტრები არიან. [ხელისუფლების გადაბარების] ასეთ გზებზე ჩვენ არ ვფიქრობთ! ასეთ გზებზე არ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია. „თუ სასწაული მოხდება“ – დაშვების ამ ხარისხით ვსაუბრობდი.
ჩვენ ქართველი ხალხი შეიარაღებული გვყავს სიმართლით. ფაქტებით ვაიარაღებთ ხალხს, რათა დაშვება მწამებელი აგენტურული რეჟიმი ხელისუფლებაში დაბრუნდეს, იყოს ნული, რაც ასეც არის. თუ ხალხს არ ვუთხარით, რასთან, ვისთან, რა დონის აგენტებთან და რა დონის დავალებების შემსრულებლებთან აქვთ საქმე, მერე მართლა იქნება საფრთხე, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს ხელისუფლებაში“,- განაცხადა მდინარაძემ.