ჩაბჟირებულები ხართ რუსულ პრესას და დღე და ღამე ეცნობით, იქნებ რაიმე ისეთი წამოსცდეთ – ნარატივი გაქვთ ასეთი, რომ რუსული დაგვაბრალოთ რაღაც,- ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკა აქვს.
„ერთი მიზნით გაინტერესებთ რუსების განცხადებები, რომ ჩვენ დაგვაზიანოთ. მეორე შემთხვევაში თუ რაღაცას იტყვიან სიმართლეს – პრაგმატული პოლიტიკა აქვს „ქართულ ოცნებას“ – დიახ, აქვს. მაგალითად, თქვენ კოლეგაზე თუ იტყვიან, რომ ჭკვიანი გოგოა, თქვენ გვაიძულებთ ვთქვათ, რომ ის სულელია, არადა ამ დროს ჭკვიანია. გავრილოვი მახსოვს, რომ რომელიღაც თქვენგანმა სამ წუთში მოძებნეთ, ჩაწერეთ რაღაც განცხადების საპასუხოდ, მე კი ამოუხსნელი ამოცანა მაქვს – როგორ მომასწრო ათმა „ნაცმა“ აქ იმ დღეს, ეს თქვენგან პატივცემული ადამიანი რომ წამოსკუპდა სავარძელში. შეიძლება ეს იყოს ამოხსნა, სამ წუთში ნახულობთ და იმიტომ მომასწრო იმ ათმა „ნაცმა“ აქ. წინასწარ იცოდნენ როგორც ჩანს რაღაცები. შეთქმულების თეორიაში არ შევდივარ, მაგრამ ფაქტია – ათმა „ნაცმა“, რომელთაგან პარლამენტში არც ერთი იმყოფებოდა, მე, პირველი კადრის მნახველ ადამიანს, რომელიც გამოვიქეცი და აქ მოვედი პირდაპირ, მომასწრეს გამზადებული პლაკატებით, ჩასაფრებულები იყვნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც, აპირებს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობა გააგრძელოს.
„საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით, დაძლეულია“, – განაცხადა გალუზინმა.