მამუკა მდინარაძე – შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! – მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში

შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან საქართველოს პრეზიდენტისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “20%-მდე ჩარჩენილი რეიტინგის ადამიანები” ხელისუფლებაში ვერაფრით მოვლენ, რის გამოც ალტერნატიულ გზებზე, მათ შორის, რევოლუციაზე ფიქრობენ, თუმცა ეს ამ ქვეყანაში “არ გაიყიდება”.
როგორც მდინარაძე აღნიშნავს, დღეს მთავარ თანამზრახველებს შეხვდა.
“დღეს “ნაცმოძრაობის” ჯერი კი არ იყო, დღეს იყო სალომე ზურაბიშვილის ჯერი “ნაცმოძრაობასთან”, იმიტომ, რომ დღეს შეხვდა ის თავის მთავარ თანამზრახველებს. დღეს შეხვდა ის ადამიანი მთავარ პარტნიორებს, სადაც მათ უნაწილდებათ როლები. დღეს ისინი ასრულებდნენ როლს – ერთი მხარე პრეზიდენტისას, მეორე მხარე კი “კონსტრუქციული ოპოზიციისას”. რაც არ უნდა ირონიული იყოს ეს ამბავი ამ “კონსტრუქციულ ოპოზიციას” “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, რომელიც არის თავი და თავი ყველაფრის. მისი განშტოებებია შემდეგ: ხაზარაძე, გახარია, სხვა პარტიები. დღეს ისინი ასრულებდნენ მორიგ როლს. ამ როლების შესრულების ბოლო არ არის ის ფინალი, რომელიც მათ წარმოუდგენიათ, იმიტომ, რომ მათი წარმოდგენა არ არის რელევანტური. მათი წარმოდგენა არის აბსოლუტურად უტოპიური. მათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა ისე, რომ ხალხის მხარდაჭერა არ იყოს ამის საფუძველი, რაც შეუძლებელია. შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე ვინმე მოვიდეს ხელისუფლებაში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და მერე კი ბატონო, დიდი სიამოვნებით გადავალთ ოპოზიციაში,” – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ