– ყველას ვაფრთხილებ, ხელი არავის წაუცდეს

მთელი სითამამით ვამბობ, ყველას ვაფრთხილებ, ხელი არავის წაუცდეს – კორუფცია თითოეულ ჩვენგანს აზიანებს და ქვეყანა მიჰყავს უკან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაპატიმრებას ეხმაურება.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, სახელმწიფო კორუფციის მიმართ შეურიგებელი იქნება.

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ძალიან მალე მსოფლიო სამეულში შევიდეთ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით. თუკი რომელიმე საჯარო მოხელე, ჩვენი თანაგუნდელი იქნება მხილებული იმაში, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და კანონი იქნება აღსრულებული. ჩვენი მიდგომა არის ერთი, ყველას ვაფრთხილებ მთელი პასუხისმგებლობით, ეს არის გუნდის მიდგომა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ყველას შტოსი, დარწმუნებული ვარ, კორუფციასთან ბრძოლაში სასამართლოც თავის პოზიტიურ, კანონის ჩარჩოებში, წვლილს შეიტანს, ამიტომ მთელი სითამამით ვამბობ, ყველას ვაფრთხილებ, ხელი არავის წაუცდეს. თუკი ვინმეს ხელი წაუცდება, სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეურიგებელი იმიტომ, რომ ეს თითოეულ ჩვენგანს აზიანებს და ქვეყანა მიჰყავს უკან. თუკი რაიმე შემაფერხებელი შეიძლება იყოს, კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი და თუკი ვინმეს მოუნდება, რომ ხელი მოითბოს, ჩვენ ამის მიმართაც შეურიგებლები ვიქნებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია