მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა – ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არ არის

სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ პრეზიდენტის საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, თვითმიზანი არის ხალხის მოტყუება.
„მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების შეფერხების სამართლებრივი რეგულაცია საქართველოს კონსტიტუციაში და ქართულ კანონებში ამ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის. სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია შეაფერხოს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა. ასეთი ნორმა კანონმდებლობაში არ არის. ჯერ გვითხრან, რომელ ნორმას გულისხმობენ და ამაზეც პასუხს გავცემთ. რადგან მათ ასეთი ნორმა ჯერ არ დაუსახელებიათ, ჯერ პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ თუ მიზანია, რომ შეაფერხოს ახლად არჩეული პარლამენტის შეკრება, უფლებამოსილების ცნობა, ასეთი ნორმა ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გარკვეული ჩანაწერები, რომელიც გარკვეულ ინდივიდუალურ საკითხებს შეეხება. ნორმა, რომელიც ზოგადად, პარლამენტის საქმიანობას შეაფერხებს და უფლებამოსილების ცნობის საკითხს, არ არსებობს. საკონსტიტუციო სასამართლოში დამოუკიდებლად ასე არ საჩივრდება. საჩივრდება კონსტიტუციის და კანონების მიხედვით ნორმა ან ნორმის ნორმატიული შინაარსი და არჩევნები ამ ნორმიდან გამომდინარე“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება დაელოდება, რას მოიფიქრებს პრეზიდენტი არგუმენტად და რას ჩაწერენ საფუძვლად სარჩელში.
„წინასწარ გარანტიას გაძლევთ, რეალურს, ვერაფერს იმიტომ, რომ ისეთი ნორმა, რაც მათ მიზნებს დაემთხვევა, საქართველოს კანონმდებლობაში და ქართულ კონსტიტუციაში არ არსებობს. თვითმიზანი არის ხალხის მოტყუება. თვითმიზანიც ეს არის, მიზანიც და რაღაც მანიპულაციები, რომელიც ქუჩაშია გადატანილი. ადამიანების ტვინების „ოკუპაცია“, რომ იქნებ საპროტესტო მუხტი გააღვივონ და შეფერხებები შექმნან. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ძალიან ნიშანდობლივი რამ თქვა, წარმოუდგენელი იყო, ღიმილის გარეშე ვერ გავატარეთ ეს ამბავი, როცა ვუყურებდით, დარჩეს პარლამენტი და დარჩეს პრემიერიო. დატოვა სამადლოდ და დავრჩე მეცო, ასევე მერე ჩავატაროთ არჩევნებიო. მაინც და მაინც არ მოუკლავს თავი, მალე ვქნათო დაეკონკრეტებინა. ოღონდ ჩემს სკამზე დამტოვეთო და თქვენც იყავითო, ვიკამათოთ ერთმანეთში და ვიყოთ ასე ტკბილადო“,-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა აღნიშნულ სამართლებრივ გზას იმიტომ მიმართა, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.