მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხალხის რაოდენობა დაგიწუნათ, პარლამენტთან კი აღარ დარჩა, ჩაიარა და წავიდა

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხალხის რაოდენობა დაგიწუნათ. [პარლამენტთან] კი აღარ დარჩა, ჩაიარა და წავიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საქართველოს პრეზიდენტს ახლა მძიმე ემოციური ფონი აქვს.
რაც შეეხება იმას, რამდენად ელოდებიან, რომ მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმაცია ექნება და საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას მიულოცავენ, მდინარაძის თქმით, ლეგიტიმაცია მილოცვებზე დამოკიდებული არ არის.
„თქვენ, ამ ბოლო დროს, ძალიან ჩამოეკიდეთ მილოცვებზე, ზარებზე და ა.შ. ხალხი კი არ გაინტერესებთ, თქვენ გაინტერესებთ „ნაცმოძრაობის“ პატრონები, ვისი ზარების შეფერხებას უზრუნველყოფენ, რომ ლეგიტიმაციის ხარისხი ააგოთ. ეს დაიმახსოვრეთ, ვინც რაც არ უნდა თქვას, როგორც არ უნდა შეაფერხონ მათმა პატრონებმა, ვიღაცების ზარები და ვიღაც ელჩებს აუკრძალონ რაღაცებზე ლაპარაკი, მერე დაამუნათონ იმის გამო, საგარეო საქმეთა მინისტრს რატომ შეხვდა, ხელი რატომ ჩამოართვა, დავამშვიდებ ყველა მათგანს – ლეგიტიმაცია ხელის ჩამორთმევაზე არ არის დამოკიდებული. ლეგიტიმაცია ხალხის გადაწყვეტილებაზე და სადამკვირვებლო მისიის შეფასებაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არ აქვს, ტყუილად ეკიდებით ახლა ამ ხავსს, რომელიც ხავსის ფუნქციასაც კი ვერ ასრულებს, ვიღაცას ვინ დაურეკავს, ვინ – არ დაურეკავს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თქვა, ჩვენ გვინდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყოსო, შესაბამისად, ამის მიხედვით გრძელდება ცხოვრება, ეკონომიკური განვითარებაც, ინსტიტუტები მუშაობენ ამ ქვეყანაში. რაც არ უნდა ილუზიები შექმნათ და სალომე ზურაბიშვილმა ჩავლით ირბინოს, მერე ხალხი რომ არ დახვდება პარლამენტთან ბევრი, განაწყენდება და ჩავიარე უბრალოდ, გავაგრძელე გზა და ამიტომ არ დავრჩიო. ხალხი არ იყო ბევრიო, არ ამბობს. გუშინ, მაგალითად, ამ ხალხის რაოდენობაზე სალომე ზურაბიშვილმა დაიწუნა, ყველა „ნაცი“ ორიენტირებული იყო, რომ მამუკა მდინარაძის რაღაც ერთ წინადადებაზე მეტი სალანძღავი სიტყვა ეთქვა, რადგან გუშინ მთელი გეგმა ჩამოეშალათ. ის კაცი სად აუშვეს? თქვენს ენაზე რომ თქვათ, ე.წ. „კრანზე“ და „კარწინკაზე“ ფიქრობთ. როგორ შეიძლება იქ აუშვათ? მე რა ვიცი, ვინ იყო, როგორ შეიძლება იქ ადამიანი აუშვა, ან ავიდეს თვითონ? როგორ უნდა სთხოვო, ან გადამღებმა, ან პარტიამ, ან აქტივისტმა, ავიდეს ისეთ ადგილზე, საიდანაც შეიძლება გადმოვარდეს, რაღაც დაემართოს… ეს ყველაფერი იყო იმის გადასაფარად, რომ ხალხი აღარ მიდის, მუხტი დაეცა და ბევრი პროფესია უნდა ყოფილიყო…რადგან ხალხი ცოტა იყო, შეეცადნენ, პროფესიებით გაებევრებინათ, მერე იყო ამ რაოდენობაზე იმდენად პანიკა და წუხილი, პოსტზე შემოსევა იყო, ჩვენი ადამიანები გვეუბნებოდნენ, ამდენი „ნაცი“ ერთ პოსტზე ჯერ არ ყოფილაო. ამ დროს, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხალხის რაოდენობა დაგიწუნათ, კი აღარ დარჩა, ჩაიარა და წავიდა. ამ სასახლისო ვითარებაში იგდებენ თავს, ძალიან მაინტერესებს უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქმა – „კარწინკა“ – როგორ ჩაებღაუჭება თავის სკამს და არ გაუშვებს ხელს, ვიღაცამ უნდა თითები ააწევინოს, რომ სკამს ხელი გააშვებინოს, ამ მდგომარეობაში იგდებს თავს, იმდენად მძიმე ემოციური მდგომარეობა და მძიმე ემოციური ფონი აქვს მას“, – აცხადებს მდინარაძე.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ზეპარტიული პრეზიდენტი იყოს, მდინარაძე პასუხობს, რომ ყაველაშვილს „გამოუვა, ობიექტური იყოს“.
„უნდა ცადოს მაქსიმალურად. როცა ამ თემაზე ვსაუბრობდით, როცა მან შეთავაზება მიიღო, რა თქმა უნდა, სასაუბრო, ერთ-ერთი მთავარი თემა ეს იყო. მას იმდენად კარგი პიროვნული თვისებები აქვს, მან მაქსიმალურად უნდა სცადოს და ჩემი აზრით, გამოუვა, იყოს ობიექტური. ობიექტურობა ძალიან გვაწყობს. ნეტა ვინმე ობიექტური იყოს თქვენს შორის, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებს და მედია საშუალებებს ვგულისხმობ“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, ინაუგურაციაზე ვის მოიწვევენ და იქნებიან თუ არა მათ შორის დიპლომატები, მდინარაძე პასუხობს, რომ ეს „პრეზიდენტის პროტოკოლის გადასაწყვეტი იქნება“.
„ეს გადაწყდება, მარტივი საკითხია, დიახ, ალბათ… ჩვენ შეიძლება მოვიწვიოთ, ან არ მოვიწვიოთ…. ცოტა ისეთი საკითხია, დელიკატური საკითხია, მათ შორის, როცა პრეზიდენტს ავირჩევთ, მისი გადასაწყვეტიც არის… ჯერ კიდევ ასარჩევი პრეზიდენტის ნაცვლად როგორ ვისაუბრო პროტოკოლური საკითხების შესახებ, მას თავისი პროტოკოლიც ეყოლება, თავის გადაწყვეტილებებს მიიღებს და შესაბამისად, მის მაგივრად, ამ საკითხზე განსაკუთრებით, დაბეჯითებით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მდინარაძემ.