როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ „კლასტერის“ მთლიანი შემადგენლობა და შესაბამისად, ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქმევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომ შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
მდინარაძემ განმარტა, რომ გამოძიება სამხედრო მოსამსახურეებს არ შეეხება.
„სულ იყო სპეკულაცია „ჩვენი სამხედროების გასამართლებას აპირებ?“ ამ დროს ჩვენი სამხედროების გასამართლებას კი არა, თქვენ ნახეთ, როგორ დავიცავით ყველა ინსტანციაში და ყველა საერთაშორისო სასამართლოში, მათ შორის პროცესები მოვიგეთ ჰააგაში „ნაცების“ მიერ გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად. სხვათა შორის, ესეც გამოძიების საგანი იქნება. გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, ჰააგაშიც და სტრასბურგშიც მოვიგეთ სასამართლო. ბუნებრივია, არცერთ გენერალს, არცერთ სამხედრო მეთაურს, არცერთ ჯარისკაცს ჩვენ არ შევეხებით ამ გამოძიების ფარგლებში “, – განაცხადა მდინარაძემ.
მან განმარტა, რომ კომისიაში პარლამენტის წევრები იმუშავებენ.
„პარლამენტის წევრები, შეიძლება იყვნენ მოწვეული სპეციალისტებიც. კონკრეტულად ამაზე საუბარი დღეს ცოტა გამიჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები გამოგვეყვნენ. მათ თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებში წინააღმდეგობა აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის სხვა წევრები არ ინებებენ შემოსვლას, მაშინ დაკომპლექტდება ისე, როგორც არის არსებული კონფიგურაციით. თუ სხვები შემოვლენ, მაშინ მაგალითად, „ხალხის ძალას“ ექნება პირობითად ერთი კვოტა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს სხვა კვოტები, თუ არადა მაშინ „ხალხის ძალა“ აითვისებს იმ კვოტებს. შესაბამისად, ისე დაკომპლექტდება, რომ უმრავლესობის ნახევარი იყოს ოპოზიციის, ამის ფორმალურ და რეალურ საფუძველს დავაკმაყოფილებთ. ამაში საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალური იქნება იმიტომ, რომ ყველა დეტალს საზოგადოება თვალყურს პირდაპირ ეთერში მიადევნებს“,- განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოძიებასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია“. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტპატიმარი იყო, თუმცა გადაწყვეტილება შურისძიების მოტივით არ მიუღია.
„რეჟიმის ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი ვიყავი და საკუთარ თავზე მაქვს ამ რეჟიმის უსამართლობა გამოცდილი, მაგრამ ეს პირადი შურისძიებით ნაკარნახები არ არის. ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა იმიტომ, რომ დღესაც კი ეს გამოწვევაა. რა დროსიაო რომ გვეუბნებიან ვიღაცები, დღესაც გამოწვევაა. მაგალითად, გვარამია, რომელიც იმ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი იყო, დღეს წარმოადგენს „ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ფრთას და რეიტინგით მეორე ადგილზეა. მართალია, 800- 900 ათასი ხმით ჩამორჩება „ქართული ოცნების“ რეიტინგს, მაგრამ მეორე ადგილზეა და ეს ადამიანი იბრალებს, რომ არის დემოკრატი, პროევროპელი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი განმარტებით, „ქართული თანამედროვეობის პარადოქსია, როცა „ნაცი“ სახელს გადაირქმევს და დემოკრატი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი ხდება“.