როზნერმა და „მესინა ჯგუფმა” „ენჯეო“ სექტორს და „ნაცმოძრაობის“ დღეს ერთად მოუყარეს თავი და სათაურის ჩათვლით, 5 პუნქტი შემოგვთავაზეს – ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ პუნქტებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არის თითოეული მათგანი ტყუილი.
“ყოველგვარი ირონიის გარეშე, მადლობა მინდა გადავუხადო როზნერს და „მესინა ჯგუფს“, რამეთუ მათ „ენჯეო“ სექტორს და „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლებს დღეს ერთად მოუყარეს თავი და ყველა მათგანმა ერთად გამოაქვეყნა 5 ტყუილი, რომელიც არის უმარტივესი სამხილებელი. მინდა თითოეულთან დაკავშირებით ძალიან მოკლე განცხადება გავაკეთო. პირველი ტყუილი იყო თავად სათაური სადაც ამბობდნენ, რატომ არის კანონი რუსული. რომ დავასრულოთ ეს სისულელე უნდა გავცეთ ყველა პუნქტს სათითაოდ პასუხი.
პირველი პუნქტი იყო ასეთი – „საქართველოში ამკვიდრებს იგივე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს“. ეს არის მდაბიო ტყუილი, იმიტომ რომ აქამდე არავის წაგიკითხავთ კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ეს ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება. რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელებში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან აქტიურ საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე, კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 6 წლამდე პატიმრობით ისჯება მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, პროგრამებით და გრანტებით და ა.შ. რომელიმე პუნქტი ქართულ კანონმდებლობაში არის? შესაბამისად, პირველი პუნქტი არის ცალსახა და მდაბიო ტყუილი.
მეორე პუნქტში მათ ჩაწერეს, თითქოს, ჩვენი კანონი „მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს“. ეს მეორე უბინძურესი ტყუილია, რადგან ქართული კანონი არ განსაზღვრავს მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას, მეტიც, არანაირ სიას არ განსაზღვრავს. მსგავსში ჩანაწერი ქართულ ინიციატივაში არ არის. ის თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ.
მესამე ტყუილი – „კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“. თავად ევროკავშირში დაინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, რომელსაც ივნისში მიიღებენ. მსგავსი კანონები ამავდროულად, მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში; უკვე განიხილება საფრანგეთში, კანადასა და სლოვაკეთში.
მეოთხე პუნქტი – „კანონი მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ“. არც ეს არის კონკრეტული არგუმენტი, მაგრამ ამასაც გავცემ პასუხს. გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში არსებული კანონების საუკეთესო პრაქტიკის მიღებას და ამავდროულად განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ანუ, სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს 5 პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი“, – განაცხადა მდინარაძემ.