პირველად საქართველოს ისტორიაში, აგენტურულმა ოპოზიციამ თვითონ, საკუთარი ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები, სერგო ორჯონიკიძეები! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ოპოზიცია არის აგონიაში, ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომელსაც ახლა აწარმოებენ.
„აგონია იძლევა ხოლმე ასეთ შედეგებს, რადგან ისინი არიან აგონიაში, ცალკე დამარცხებით, ცალკე იმ უპერსპექტივო გამოსვლებით, რომელსაც ახლა აწარმოებენ. მათ გამოამჟღავნეს საკუთარი თავი და მგონი, ძალიან ვაშავებთ, რომ მათ აგენტებს ვუწოდებთ. იმიტომ, რომ სიტყვა აგენტის უკან შეიძლება ბევრი სხვა ხასიათი ამოიკითხო. აგენტი შეიძლება იყოს სადაზღვევო აგენტიც კი. ისინი არიან ჯაშუშები! ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. პირველად საქართველოს ისტორიაში, აგენტურულმა ოპოზიციამ თვითონ, საკუთარი ხელით დაწერილი დოკუმენტის მიხედვით, შავით თეთრზე უტყუარად დაადასტურა, რომ ისინი არიან ჯაშუშები, სერგო ორჯონიკიძეები! თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, აქეთ ესენი ამბობენ, რომ დაგვსაჯეთო. უარესები არიან, დაგვსაჯეთო, არ ფრიალებსო საჩვენო აგენტურული დროშებიო. დაგვსაჯეთ იქნებ ავაფრიალოთ ასეთი დროშებიო. ევროპელებისგან ითხოვენ, რომ საქართველოს მოსახლეობა და საკუთარი სამშობლო დასაჯონ ევროპელებმა რაიმე გზით. ევროპელები ვერ და არ უკმაყოფილებენ ამას, იმიტომ, რომ ამის ობიექტური მოცემულობა არ არსებობს, თორემ გარკვეული პატრონები იქაც ჰყავთ. ამ დროს, ესენი მაინც ჯიუტად ითხოვენ, რომ იქნებ რამენაირად დავსაჯოთ საქართველოო. აქციებს რომ აწყობენ, ახლა რა ხასიათის აქციებია? დისკომფორტს ვის უქმნიან? ხელისუფლებას? – არა, ხალხს! ხალხის დასჯას ითხოვენ. ევროპელებისგან რასაც ითხოვდნენ, იმით ვინ ისჯება? – ქვეყანა და ხალხი! ანუ ხალხის და საკუთარი სამშობლოს მიმართ იმხელა აგრესია აქვთ, რომ ვეღარ მალავენ და ჯაშუში მეტი არაფერია. უფრო მეტად დადასტურებული, ვიდრე ამ წერილით არის მათი ჯაშუშობა, აქამდე არ ყოფილა. აქამდე ეს ყველაფერი ვიცოდით ინფორმაციებით, ერთი – თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ყველა მათგანი არ იყო, ნაწილი იყო ახლა ვითომ მათგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ქნა გახარიას, ხომ არ აინტერესებს, გვარამია მით უმეტეს, როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობა“ იყოს, მელია და ხაზარაძე და მათი რეკეტიორები არ არიან „ნაცმოძრაობა“ და ისინი ხომ გაემიჯნნენ ერთმანეთს და „ნაცმოძრაობას“ აბრალებდნენ ღალატს, ახლა უკვე ყველამ ერთობლივად ხელი მოაწერა საქართველოს და ქართულის საზოგადოების დასჯას. ჯაშუშობის უფრო მყარი მტკიცებულება, ალბათ, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ბარიერგადალახულმა ოთხმა პარტიამ ევროკომისარ ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის, მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგების ცნობილი არ გახდება.