ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს (რუსეთთან), ქებას კი არ დაგვიწყებდნენ – კარგად იციან, რომ ამ რაკურსში მათი განცხადებები მხოლოდ შეიძლება აზიანებდეს „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მისი განცხადების თაობაზე, რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეფასების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით თავად სიმართლეს ამბობს და ვინც არ უნდა მოიწონოს ეს, არ აინტერესებს.
„მოვახერხე ნიშნავს, რომ ძალიან ვეცადე, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. ჩვენ ასე კარგად არ ვიცნობთ რუსულ ინფორმაციას, პრესას და მათ გამონათქვამებს ყოველ დილით არ ვეცნობით, ეცნობით თქვენ და მოდი, ასე დავსვათ შეკითხვა, როგორ ხერხდება ის, რომ რუსი პროპაგანდისტები ცდილობენ მოიწონონ ჩვენი განცხადებები და ამით თქვან, რომ ჩვენ რუსეთი მოგვწონს და იმავეს აკეთებს „ნაცმოძრაობის“ კლასტერი. ანუ პროპაგანდა, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსულია და მას მოსწონს რუსეთი აქვს რუსულ და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას. ოდნავ მაინც რაიმე პოზიტიური კავშირი რომ არსებობდეს, ქებას კი არ დაგვიწყებდნენ, კარგად იციან, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილში, ამ რაკურსში მათი განცხადებები მხოლოდ შეიძლება აზიანებდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ზოგადად, „ქართულ ოცნებას“. ამის მიუხედავად რომ „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას ხელს უწყობენ, ეს მოსაკითხი ამბავია. შეიძლება დამთხვევა იყოს ან არ იყოს და სპეციალურად აკეთებდნენ ამას. ამიტომ ყოველ დილას რუსული პრესის გაცნობას გირჩევთ თავი დაანებოთ, დიახ, სანქციების დაწესება დააზიანებდა და დააზიანებს მხოლოდ ქართველებს, ახლა ეს ვინც არ უნდა მოიწონოს, სულ რომ ჩრდილო კორეა იყოს ან ოკუპანტი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი, ეს მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს სიმართლე”, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელ X-ში (ტვიტერი) „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააზიარა, რომლის თქმითაც, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საკუთარი თავის მოტყუება და სინამდვილეში სანქციების საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებას ნიშნავს. სიმოანიანმა სოციალურ ქსელში მდინარაძის აღნიშნული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ადეკვატურად იქცევა.
„კარგი იქნებოდა სომხეთიც რომ ასე იქცეოდეს“,- განაცხადა სიმონიანმა.