თავის დროზე, როცა [ჯერემ] როზნერი დავალებით ჩამოვიდა და „ნაცმოძრაობას“ პიარს უკეთებდა, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის და ახლაც, როცა, ის „ნაცმოძრაობის“ ერთ დანაყოფს, „ლელოს“ პიარს უკეთებს, ესეც ცნობილია, გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ შეირჩა ჯერემ როზნერი და რა პერსპექტივა ექნება „ლელოს“.
როგორც მდინარაძე განმარტავს, ის „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
„ალბათ, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ არანაირი განსხვავება მათ შორის არ არის. თუ ვინმე ისეთი მიამიტია ამ ქვეყანაში, რომ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ასეთ ადამიანს, რა განსხვავებაა მათ შორის, შეიძლება უარესიც იყოს. „ნაცმოძრაობის“ რეკეტიორები და თაღლითები, რაც სასამართლომაც თქვა, რომ თაღლითები არიან, „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ თაღლითობდნენ, მათ უმაგრებდნენ ზურგს თავისი რეკეტით და თაღლითობით, რით განსხვავდებიან, თუ უარესები არ არიან „ნაცებზე“, ამაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ მიპასუხებს. შესაბამისად, თავის დროზე, როცა [ჯერემ] როზნერი დავალებით ჩამოვიდა და „ნაცმოძრაობას“ პიარს უკეთებდა, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის და ახლაც, როცა, ის „ნაცმოძრაობის“ ერთ დანაყოფს, „ლელოს“ პიარს უკეთებს, ესეც ცნობილია, გასაკვირი ამაში არაფერი არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.