მარტივი ამბავია: მდაბიო პიარ კამპანია აწარმოვა და თავი დააჭერინა, გადაჭარბების გარეშე, სულ ეს იყო, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას.
მისი თქმით, ნიკა მელია წინა დღეს, დასეირნობდა ქალაქში და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.
„გირაოს ვინც არ იხდის, მას ეფარდება პატიმრობა. რთულია?! მარტივი ამბავია და ამით რაღაცის შექმნა ზღაპრის სფეროდან არის, წარმოუდგენელია. რომელი ბრალდებულიც გირაოს არ იხდის მას პატიმრობა რომ ეფარდება, მე მგონი, ამისგან სკანდალის გამოყვანა ოდნავ გაგიჭირდებათ.
წინა დღეზე რომ ლაპარაკობენ, ესე იგი, კაცი იმუქრებოდა, რომ გამაგრდებოდა, ვერ დაიჭერდნენ, სხვადასხვა ვერსიებს აყალიბებდა, რომ როგორ გამაგრებულიყო. აქ, ახლო-მახლო რომ არის ე.წ. ალამუთის ციხე, როგორც თავად მათ შეარქვეს, უკვე ყოფილი „ნაცების ოფისი“, მაშინდელი სცენარის არ იყოს, აპირებდა, რომ გამაგრებულიყო თავის ოფისში და წინა დღეს გამოვიდა, დასეირნობდა ქალაქში და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თავი დააჭერინა კაცმა და უნდათ გადაიტანონ სხვაზე. წარმოუდგენელი ამბავია, წინა დღით ქალაქში სეირნობას და პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა ის განზრახვა, რომ წინა დღეს დაეჭირათ და მეორე დღეს თავი ემართლებინა თანაგუნდელების წინაშე, რომ აი, რა ვქნა, წინა დღეს დამიჭირეს თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერს. მარტივი ამბავია, მდაბიო პიარ კამპანია აწარმოვა და თავი დააჭერინა, გადაჭარბების გარეშე. სულ ეს იყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმას. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთი, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სასამართლოსი.
„კონტექსტია – პოლიციელის სილის გაწვნა, მოსამართლისთვის წყლის შესხმა, თავისით კი არ შვრებიან ამას?! დარწმუნებული ვარ მაგალითად მე პირადად, რომ ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ილეთები, იმისათვის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ სხვადასხვა ინსტიტუტების, სასამართლოსი, პოლიციის. ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის დისკრედიტაციის ნაწილი, რომელიც ისწავლება აკერმანის სახელმძღვანელოებში, ისწავლება სხვადასხვა სახელმძღვანელოებში, რომლითაც ისინი ცდილობენ მაიდნების მოწყობას, რაც საქართველოში საბედნიეროდ არ გამოსდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
