მამუკა მდინარაძე – კატეგორიულად მივმართავ, ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე – ნურც ერთ ადამიანს ნუ დააძალებთ, თუ არ უნდა წამოსვლა

კატეგორიულად მივმართავ, ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე – ჩვენს პარტიულ აქტივს, რომელიც ზოგი საკრებულოს თავმჯდომარეა, ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი საერთოდ არ მუშაობს არცერთ საჯარო უწყებაში, ყველას მივმართავ: ნურც ერთ ადამიანს ოდნავადაც ნუ დააძალებთ და თუ არ უნდა წამოსვლა, ნუ ეტყვით, მოდი, მაინც ხომ არ წამოხვიდოდიო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 29 აპრილს გულწრფელი ადამიანების დიდი ერთობა იქნება და „არც საჯარო მოხელეს და არც არასაჯარო მოხელეს ვერავინ საყვედურს ვერ ეტყვის წამოსვლის ან არ წამოსვლის გამო“.
„29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდო ლიბერალებში, „ნაცმოძრაობაში“, რადიკალურ ოპოზიციაში. ხდება პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. ახლა დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ – არა. საჯარო მოხელე ხელისუფლების საწინააღმდეგო ერთ პოსტს რომ დადებს, ერთი ვინმე რომ გამოჩნდება „ფეისბუქში“, სოციალურ ქსელებში ან აქციაზე, მთელი კამპანია აქვთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით აგებული, რომ საჯარო მოხელემ ხელისუფლებას პროტესტი გამოუცხადა. ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია, პროტესტიც განუცხადოს და მხარიც დაუჭიროს. ესენი ადამიანები არ არიან? გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებიან სხვა მოქალაქეებიც, ორჯერ და სამჯერ მეტი, ამიტომ არიან ისტერიაში. საჯარო მოხელეები, ასე რომ მოიხსენიებენ ამ ხალხს, რას ნიშნავს, რა უბედურებაა, რა შეურაცხყოფას აყენებენ, თავი დაანებონ. დიახ, პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლების – საჯარო მოხელეები იქნებიან ისინი, თუ არა, ორგანიზება მოხდეს. მათ შორის, პირადად ჩემი დავალებაა, პარტიული, რომ ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ (ასე დავარქვათ, თუ გნებავთ, რომ გავამძაფრო), რომ თუკი ვინმეს უნდა აქციაზე წამოსვლა, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში, აქციაზე და შეკრებაში მონაწილეობის მიღება. მიზანი არის, რომ დავანახოთ, ვინ უჭერს მხარს სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას. საჯარო მოხელეებს რას უკრძალავენ ან მასწავლებლებს რას უკრძალავენ?! თუკი ვინმეს უნდა იმ დღეს რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა. ტელევიზიის მეშვეობით, ტელეკამერების მეშვეობით მივმართავ – ვისაც ამის სურვილი არ აქვს, წამოყვანაზე ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმა აქტივმა. თუ ვინმეს სურს, რომ ხელისუფლების სწორ ეროვნულ პოლიტიკას, გამჭვირვალობას, რეალურ ევროპელობას და ამგვარ დემოკრატიას დაუჭიროს მხარი, დიახ, უზრუნველყონ მათი მონაწილეობა და მიეხმარონ კიდეც, რომ გადაადგილდნენ დედაქალაქის მიმართულებით. იმ ხალხის გაშავებას ყველამ თავი დაანებეთ, კეთილი ინებეთ, პატივი ეცით საჯარო მოხელესაც, იმ ადამიანსაც, რომელიც საჯარო მოხელე არ არის. იქნება ძალიან ბევრი, ათი ათასობით ადამიანი, რომელიც საჯარო სამსახურში არ არის, მათ შორის საჯარო მოხელეებიც. ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება – ახალგაზრდაც, ხანში შესულიც, შუა ხნის, ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იმ დღეს და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივისა, თითქოს ხალხს რაღაც უნდა. რას ნიშნავს, ხალხს რაღაც უნდა და უპირისპირდებიან აქციითო. ხალხი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მუშაობენ და გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის მიმართ? ბოლოს, ხომ ყველამ ვიცით, რომ ამ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ არის მიმართული ეს ყველაფერი. ბოლოს, ხომ ყველამ ვიცით, რომ ახლა რაზეც დავდივართ, საყოველთაო სახალხო განხილვებზე და კონსტიტუციურ ცვლილებებს, რაზეც ვაანონსებთ, იმასთან დაკავშირებული შავი ფულის გამოჩენა არ უნდათ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და საერთო ჯამში, ოჯახური ღირებულებების კანონს რომ ვიღებთ და იქ ჩუმ-ჩუმად რომ ღლიცინებენ რაღაცებს, არ უნდათ, ეზიზღებათ ეს კანონი. ეძახიან ჰომოფობიურს. ეზიზღებათ გამჭვირვალობა, ეძახიან რუსულს. გამჭვირვალობას რუსულს ეძახიან და არ გამოვა ასე. ეროვნულ ინტერესებს ვერც რუსულს დაარქმევს ვინმე, ვერც ჰომოფობიას. ის ხალხი, საჯარო მოხელეებიც, პედაგოგებიც, ახალგაზრდებიც, სტუდენტებიც, პენსიონერიც და ნებისმიერი კატეგორიის ადამიანი, ათი ათასობით ადამიანი მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას იმ დღეს – მამულს, ენას და სარწმუნოებას. ეს იქნება მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისადმი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ საზოგადოებას მოუწოდა, შეწყვიტონ იმ ადამიანის ბულინგი, ვინც ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს.
„ერთი კვირის განმავლობაში წევთ ხოლმე ამბავს ჰაერში, საჯარო მოხელემ დაწერა ხელისუფლების საწინააღმდეგოო, მერე რა, დაწერა. „ნაცები“ ხომ არ ვართ, იმათ ვდიოთ? აგერ, დროშით ხელში საჯარო მოხელე იყო შარშანდელი მარტის აქციაზე, შეეხო ვინმე? მაგრამ, ვინც მხარს უჭერს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ამ ეროვნულობის გამო მათ ბულინგს, შეურაცხყოფას და ნახირის ძახებას თავი დაანებეთ, თორემ თავმოყვარეობა სხვაზე მეტი აქვს ამ ხალხს, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს, არავინ არავისზე ნაკლები არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ