თუ გრანტებს მართლაც კეთილშობილური მიზნები ექნება, არავინ დაბლოკავს და იქნებიან ბედნიერები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის, ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
მისივე თქმით, თუ დღეს ქვეყანაში ერთი ადამიანი არის დარჩენილი, რომელიც ფიქრობს, რომ გრანტები კეთილშობილური მიზნებისთვის იხარჯება, ის საერთოდ მოწყვეტილია რეალობას.
„რაც არ მოსწონთ მათ და რაც ცუდია მათთვის, კარგია საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის. უმარტივესი ტექსტია. აგენტურა რასაც იწუნებს, ის ავტომატურად კარგია, თუმცა ჩვენ ამით არ გავთამამდებით და საზოგადოებრივ ტესტს გაივლის ყველა ჩვენი გადაწყვეტილება, მათ შორის ეს კანონიც. როდესაც გრანტების უდიდესი ნაწილი ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იხარჯებოდა, დასკვნა მარტივი უნდა გამოვიტანოთ – უნდა ჩავკეტოთ მათი თავისუფალ მიმოქცევაში, საქართველოში შემოდინება. თუკი გრანტი მართლაც შემოვა იმ მიზნისათვის, რომელიც წერია ფურცელზე, კი ბატონო, დიდი სიამოვნებით, მათ შორის, მთავრობაც დაეთანხმება.
თუ დღეს ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის დარჩენილი, რომელიც ფიქრობს, რომ გრანტები მართლაც მეგობრული, კეთილშობილური მიზნებისთვის, სიყვარულით იხარჯება, ის, ჩემი აზრით, საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ამერიკელებმაც, ევროპელებმაც აღიარეს, რომ გრანტები, რომელიც ასეთი კეთილშობილური მიზნებისთვის გამოიყოფოდა, რეალურად, იხარჯებოდა ადამიანების ტვინების გამორეცხვაზე, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც კონსერვატიულად ფიქრობენ და რომლებიც თავის ეროვნულ ინტერესებს აყენებენ წინ,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამერიკული FARA-ც, „გამჭვირვალობის კანონიც“ და სხვა გადაწყვეტილებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში მიიღეს, ერთადერთს ემსახურება – „საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ უმყარესი საფუძველია შემდგომი განვითარების“.
მისივე თქმით, დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც საქართველოს დღეს აქვს, ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონია.
„ობიექტურობა და ეროვნული ინტერესები – ჩვენ აქედან ამოვდივართ, როგორც იქნა ფეხზე დავდექით და ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთი დამოუკიდებელია, როგორი დამოუკიდებლობის ხარისხიც აქამდე არ გვქონია. დამოუკიდებლობის ეს ხარისხი საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ სიმართლე თამამად და ბოლომდე ყველას პირველ პირში ველაპარაკოთ. მათ შორის, ვუთხრათ, რომ არარელევანტურია მაგალითად: „გამჭვირვალობის კანონის” ხსენება. იმიტომ, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღეთ – ამერიკული FARA, რომლის პირდაპირი თარგმანი გავაკეთეთ და ამაზე ხმა ვერავინ ამოიღო. წარმოიდგინეთ, რამხელა სიცრუის ქვეშ ამყოფეს თავიანთი მომხრეები, როდესაც „გამჭვირვალობის კანონი“ გააპროტესტებინეს და ორი წელი „რუსული კანონი“ აძახებინეს. საერთოდ აღარავინ გააპროტესტა, როდესაც გაცილებით მკაცრი კანონი, იგივე მოდიფიკაციის, ამერიკულიდან პირდაპირ ვთარგმნეთ, და იცით რატომ? – იმიტომ, რომ აქ უკვე მათი სიცრუის ფსკერამდე დასული ხარისხი გამოაშკარავდებოდა. შესაბამისად, ასეთ სიმართლეს ჩვენ ყოველთვის ვიტყვით!ამერიკული FARA-ც, „გამჭვირვალობის კანონიც“ და სხვა გადაწყვეტილებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში მივიღეთ, ერთადერთს ემსახურება – საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, უმყარესი საფუძველია შემდგომი განვითარების, რეალური, ქრისტიანული, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვის, ჩვენი ქართული სახელმწიფოს რეალური წარმომადგენლობისა ევროპაში და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის. ეს რეალური გარანტიებია!როდესაც ჩვენ საპირისპირო მიმართულებით სიარულს გვაიძულებდნენ, მათ შორის სანქციებს, ომში ჩართვას და ა.შ. ეს მყარი გარანტია იქნებოდა, რომ ყველაფერი პირიქით მომხდარიყო, ამიტომ ამ ყველაფერს არ წავყევით“, – განაცხადა მდინარაძემ.
