მამუკა მდინარაძე – თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან – მის ადგილზე შემრცხვებოდა, რომ პოლიტიკოსს აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, ჩემ მაგივრად გამოეცხადებინათ გადაწყვეტილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, 30 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებითაა ნაკარნახევი.
როგორც მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, ვლადიმერ ხუჭუა აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან.
„ასეთი ცნობილი ფრაზა არსებობს „თამაში გაყიდა“. ელისაშვილმა „თამაში გაყიდა“, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ერთი საათით ადრე გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩემი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ მე რომ მოსამართლე ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა იმის შემდეგ საუბარი, რაც პოლიტიკოსი, აქციაზე, ტრიბუნიდან, ერთი საათით ადრე, გადაწყვეტილებას ჩემ მაგივრად გამოაცხადებდა. მოსამართლე ხუჭუას ასეთი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მისი გადაწყვეტილება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გემოვნებით არის ნაკარნახევი.
მას არავინ უკრძალავს პოლიტიკური გემოვნების ქონას, პირიქით, ამ ქვეყანაში როგორც არასდროს ისეა დაცული აზრის, გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სამოსამართლეო სტანდარტი მას ამის საშუალებას არ აძლევს, რომ ის წავიდეს, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, აზრი გამოთქვას, ანგარიში აბაროს „ნაცმოძრაობის“ მედიასა თუ რომელიმე მედიას. ამიტომ ის აბსოლუტურად გასულია სამოსამართლეო ეთიკის ჩარჩოებიდან, მე როგორც იურისტი ვამბობ ამას და არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსი. მისი ქცევა არ ჯდება არც მოსამართლის და არც იმ ეთიკურ ნორმებში, რა ეთიკური ნორმებიც მოსამართლეებს აქვთ დაწესებული და რა ეთიკაც მათ საკუთარი თვისთვის თავად აქვთ დაწესებული. ეს არის დაუწერელი და დაწერილი ნორმების ერთობლიობა, რომელსაც მოსამართლეები, როგორც წესი, არ ცდებიან ხოლმე. ჩვენ ვიცით სასამართლოშიც კი მოსამართლეები, რომლებიც აშკარად უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინიც კი ცდილობენ, რომ რაღაც სტანდარტებს არ გასცდნენ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როცა ეს ადამიანი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ეთერში დაჯდა და პოლიტიკური განცხადებები აკეთა. ამ გადაწყვეტილების მოტივაცია უკვე ყველასთვის ნათელია, ის არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური“, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას – ამ არჩევანმა წერტილი უნდა დაუსვას აღქმების ბატონობას რეალობაზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკის მახასიათებელი გახდა

ნათია მეზვრიშვილი – ეს არ და ვერ იქნება სრულყოფილი გამოძიება – ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს, თქვენ ყველას მოგეჩვენათ, არანაირი მტკიცებულება არავის აქვს და არჩევნები არ გაყალბებულა