მამუკა მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა, რასთან გვაქვს საქმე – ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, მივცეთ ერთი დღე, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, საით არიან

ის, რომ ქართული ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ესწრება სხდომას, ჩვენი შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, ხვალისთვის გადაიდოს კენჭისყრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ოპოზიციას კიდევ ერთი შანსი მისცენ, თავისი პოზიცია დააფიქსიროს.
„დღეს ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა იმის შესახებ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა აწუხებდათ ამდენი ხნის განმავლობაში, მათ გვითხრეს, რომ 2017 წლის ჩანაწერიც კი უნდა ამოშალონ საქართველოს კონსტიტუციიდან. ეს არის ღირებულებებთან დაკავშირებით უპრინციპულესი საკითხი და ყველას, დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს, საით მხარეს დგას ღირებულებათა შეფასების ამ სისტემაში ქართული ოპოზიცია. ის, რომ ქართული ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ესწრება სხდომას, ჩვენი შეფასებით (და შეიძლება, სუბიექტურები ვიყოთ), ნიშნავს იმას, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ. ასევე, ჩვენ კენჭი საყრელი გვაქვს სასამართლოსთან დაკავშირებით და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ამიტომ, მე გთავაზობთ, საქმეც რომ არ გავაფუჭოთ, კენჭი ვუყაროთ დღეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომელსაც განვიხილავთ დაჩქარებული წესით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით გადავდოთ ხვალისთვის კენჭისყრა და ქართულმა ოპოზიციამ, უკლებლივ ყველამ, შევთავაზოთ, ვთხოვოთ, მოვთხოვოთ დააფიქსირონ თავისი პოზიცია ან კენჭისყრით, ან ზეპირად, ვერბალური ან რაიმე ფორმით და თქვან, საით არიან ისინი, რომელ მხარეს იჭერენ და ჩვენი ეჭვი რამდენად ლეგიტიმურია. აგერ, გამოვთქვამთ ეჭვს, ვაბრალებთ თუ გნებავთ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის მხარეს და ბევრი რაღაც გაიშიფრა დღეს. ის ამბავი, რაც მოყვა კანადურ, ფრანგულ, ამერიკულ ვერსიებს და უფრო რბილ ვერსიას ქართულ კანონმდებლობაში შეტანილი ახალი კანონის სახით, თურმე უნდა მოჰყოლოდა ახალი დარტყმები ვენეციის კომისიისგან, რომელზეც ჩვენი ოპონენტები სიტყვის დაძვრას ვერ ბედავენ. ამიტომ, მივცეთ ერთი დღე იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ ბოლო-ბოლო, რა უნდათ, საით არიან და იქნებ, ხვალ მაინც დააფიქსირონ პოზიცია ან მოსვლით ან რაღაც შემოგვითვალონ, ან განცხადება გააკეთონ. ამიტომ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ხვალისთვის გადავდოთ კენჭისყრა და დღეს მხოლოდ დაჩქარებულებს ვუყაროთ კენჭი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.