გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღსაც რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მამას წარსულში შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობის კამპანია ოპოზიციისთვის გამოსავალია.
„ეს არის ერთადერთი მთავარი ხაზი, რაზეც მთელი ოპოზიცია ჩამოეკიდება. როდესაც მათ იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, პატრონები და მათგან მივლენილი პიარის სპეციალისტები ეუბნებიან, რომ პირველი ამოცანა ლეგიტიმაციის პრობლემის დაყენება უნდა იყოს თქვენი მხრიდანო. ამისათვის რა არის საჭირო? – ცესკო-ს დისკრედიტაცია. ამისათვის რა არის საჭირო? – მაგალითად, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეზე, რომელიც შეიძლება მომავალშიც კანდიდატი იყოს, დისკრედიტაციის კამპანიის აგორება და კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ერგება, მით უმეტეს, თუ ვენეციის დასკვნის რაღაც პუნქტი ამის საშუალებას იძლევა. გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიას და მისი გარდაცვალების თარიღსაც კი, რომ აყალბებ, ოღონდ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის მამას წარსულში შეურაცხყოფა მიაყენო, ამაზე მეტი მდაბიო პიარი, ალბათ, როზნერსაც კი ვერ წარმოუდგენია. ეს არის მათი მთავარი ხაზი და მთავარი ტყუილი, წინასწარ პრობლემები შეუქმნან ლეგიტიმაციას, ამიტომ უტევენ ისინი ცესკო-ს. ეს არჩევნების დღემდე და არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება, ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ, ცესკო-ზე მუდმივი შტურმი და მუდმივი ტყუილები იქნება, რადგან ლეგიტიმაციის საკითხია მათი გამოსავალი“, – განაცხადა მდინარაძემ.