კუდის მოქნევის მორიგი, ძალიან ცუდი მცდელობა – ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იმავე პოზიცია, მათ შორის ელჩი დანიგანის მიერ, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ ახალისებს ძალადობას ქვეყნის შიგნით – ყველას მოვუწოდებთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა სანქციებთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, „სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს“.
„კუდის მოქნევის მორიგი, ძალიან ცუდი მცდელობა. ბლინკენი არის ის თანამდებობის პირი და ბიუროკრატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინამ ჯარში გასაწვევ პირთა ასაკი უნდა დაწიოს. აბსოლუტურად ვეთანხმები ვიქტორ ორბანის დღევანდელ შეფასებას, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მითუმეტეს ასეთი მავნებლური მოწოდებები, რომ უკრაინელებმა კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები შესწირონ ამ საშინელ ომს და ეს არ აკეთონ მშვიდობაზე ზრუნვის ფასად. დარწმუნებული, ვარ ჩვენი გუნდის პოზიციაც ეს არის. აბსოლუტურად ვუერთდებით ამ განწყობას და პათოსს. გვახსოვს, წინა წლებში, წინა თვეებში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებთან და მსგავს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ისევ ბლინკენის გახმოვანებით. ჩვენ უნდა ვუთხრათ მას, რომ სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს. როდესაც ასე ჰაერიდან მოიტან და ვიღაცის, აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებია, რომლებიც აქეზებს ძალადობას მათ შორის, ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში.
გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელისუფლების ერთ-ერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს არაფერი დამატებით სასაუბრო, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენი თვის წინ თავის თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ კაცს კაცი და ქალას ქალი არ დაუძახონ. ასეთ ხალხთან სასაუბრო ჩვენ არაფერი გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან პრინციპული დამოკიდებულება გვაქვს და ამიტომ. ყველას მოვუწოდებთ, ვინც არ უნდა იყოს ეს ქვეყნის გარეთ, ნუ ერევიან ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში. ასეთი ჩარევა და შემდეგ შესაბამისი ელჩების მიერ გახმოვანებული იმავე პოზიცია, მათ შორის ელჩი დანიგანის მიერ, პიროვნული პატივისცემის მიუხედავად შემიძლია ვთქვა, რომ ახალისებს ძალადობას. როდესაც ისინი მოძალადის კონტექსტში მოიხსენიებენ „ქართულ ოცნებას“, თითოეულმა მათგანმა, ვინც არ უნდა იყოს და რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, კარგად უნდა გაიხსენონ, რომ მათი მსგავსი გადაწყვეტილებები და განცხადებები ახალისებს ამ განცხადებებით მხარდაჭერილი პარტიების მიერ ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ეს ორგანიზება და მომარაგება ხდებოდა მათი ოფისებიდან.
ისიც უნდა გაითავისონ, რომ ეს პარტიები მარტო მოძალადეები კი არა, ამ ძალადობის ინიციატორებიც არიან“,- განაცხადა მდინარაძემ.