მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გიორგი გაბიტაშვილისადმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები ე.წ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის საქმიანობის გააქტიურებაზე დაორგანიზებული არ იყო და პარლამენტის წევრებმა ეს კითხვები სპონტანურად დასვეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილისადმი „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებები ე.წ სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის საქმიანობის გააქტიურებაზე დაორგანიზებული არ იყო და პარლამენტის წევრებმა ეს კითხვები სპონტანურად დასვეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრ საქმეზე გამოძიება ძალიან დაგვიანებულია და შესაძლებელია, პროკურატურამ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით საქმეები მეტი დინამიკით გამოიძიოს.
„[„ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვები ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის საქმიანობაზე“] ეს დაორგანიზებული ნამდვილად არ იყო. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები ბუნებრივი და სპონტანური იყო, რადგან მე ამის შესახებ საქმის კურსში არ ვარ. ეს ბუნებრივი გამოძახილი შეიძლება იყოს, შესაძლებელია, პროკურატურამ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით მეტი დინამიკით გამოიძიოს საქმეები. მე დღემდე ვიცი ერთი ქეისი, როგორ მიყიდეს ერთ-ერთ ადამიანს, ჩემს ახლობელ ადამიანს, კულტურის სახლად წოდებული დანგრეული მიწური, მილიონამდე ლარი გადაახდევინეს. დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული ადამიანები. კი, ბევრი კარგი საქმე გააკეთა შესაბამისმა დეპარტამენტმა, თუმცა არის მომენტები გვიან. 12 წელია გასული ამ ამბების შემდეგ, მეტიც. ძალიან დაგვიანებულია ბევრ საქმეზე გამოძიება. როცა ასეთი ქეისები არსებობს, რომ მიწური მიყიდეს მილიონად და კულტურის სახლი დაარქვეს, ეს იყო რეკეტის “გაპრავების” ფორმა. ასეთი საქმეებიც კი დარჩენია ჯერ კიდევ გამოუძიებელი. ამდენი ხანი სად იყავით კი არა, მე გეუბნებით რომ არის რაღაც მიმართულებით გარკვეული შეფერხებები და ხარვეზები, რომელიც გავაკრიტიკე. 12 წელია გასული და რაღაც საქმეები დღემდე გამოუძიებელია. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებელია გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეებს იძიებს, კიდევ უფრო ჩქარა უნდა გამოიძიონ, მაგრამ მათ, პირველ რიგში, მადლობა უნდა ვუთხრათ იმ საქმეების გამო, რაც გამოიძიეს. ძალიან ბევრ ადამიანს დაუბრუნდა ქონება, აღდგა სამართალი, მაგრამ ამ მიმართულებით მეტი დინამიკაა საჭირო“,- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ასევე, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია, გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილისგან, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის მუშაობით დაინტერესდა. შესაბამისი განცხადებები მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გააკეთეს, სადაც გიორგი გაბიტაშვილს, როგორც გენერალური პროკურორის კანდიდატს უსმენდნენ. როგორც დეპუტატების ნაწილი აცხადებს, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი დღემდე მუშაობს მოქალაქეებისთვის იმ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებაზე, რომელიც მათი ინფორმაციით, 2012 წლამდე უკანონოდ ჩამოერთვათ. ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ამ მიმართულებით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა და გააქტიურება.
კომიტეტის სხდომაზევე დეპუტატებს გიორგი გაბიტაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2015 წლიდან დღემდე მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი გამოავლინა, მოქალაქეებს კი 66 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ. ასევე, ამ დროის განმავლობაში, 95 საჯარო მოხელის ბრალეულობაა დადგენილი, 485 მოქალაქე კი დაზარალებულადაა ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ