იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელიც“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხებოდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „არავის საღლიცინო არაა, როცა ადამიანის მოკვლას აპირებენ“.
„პირველ დღეებში, როცა ეს ამბავი გახმიანდა, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან. როცა ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, მისი ადვოკატი ხარ, “ნაცი“ ხარ თუ მისი ტელევიზია ხარ, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, რომ შეთქმულების მუხლი გაამხილო და ტერორიზმის მუხლი დამალო?! შემდეგ როდესაც ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიცაა, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა. რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი თუ რაღაცაში არ არის საქმე?! ამის იქით, ალბათ, მსჯელობითაც ვერ წავალთ. თუ ისინი უბრალოდ ღლიცინებენ… ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის. ამასთან, იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ბევრი მსგავსი მოვლენა „ემთხვევა“ ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.
სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.