ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იმიტომაა, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი – საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, თუმცა ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ის გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.
მისი თქმით, ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს.
“აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს ან ა.შ. რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი? რაში აინტერესებს საერთოდ? დაიმახსოვრეთ, მას არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, ამ კაცმა ეს თავისი მოქმედებით თავის დროზე დაამტკიცა. მას თავისი სამშობლო აინტერესებ. სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით – მნიშვნელობა ამ არჩევნების. ამაშია რეალობაც, ამაშია პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, ამაშია მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, ამაშია გარკვეული სიმბოლიზმიც, ამაშია ხაზგასმაც – ყველაფერი ამაშია. ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ და უპირველესად მისი თანხმობა იყო, რომ სიის პირველი ნომერი იყოს ბიძინა ივანიშვილი. საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, პირდაპირ გეუბნებით. შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის. ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს. აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა. პოლიტიკურ ველზე ამათ კი არ ვეჭიდავებით, ამ ვიღაც პატარა პარტიებს, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. ესენი არავინ არიან. მართლა არავინ. პოლიტიკურ ასპარეზზე განულებულები არიან, უბრალოდ, მათ ჰყავთ პატრონები, რომლებიც ყოველდღიურად რაღაც-რაღაცებს გარედან უზრუნველყოფენ და რომელი რაღაც-რაღაცებიც – მათი განცხადებები და მოქმედებები, იცვა ხავსად წყალწაღებულებისათვის. მათ შანსი არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად გადაწყვიტა, ასევე, გვინდა გადაწყვიტოს ესეც. ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია. იმიტომაა სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.