რუსეთი ვერ შეძლებს ამ ზარალის აღდგენას, ეს არის უდიდესი სტრატეგიული ზარალი. რუსეთი ფაქტობრივად დარჩა ძირითადი ბომბდამშენების, სტრატეგიული ავიაციის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ ოპერაციაზე – „ობობას ქსელი“ – საუბრისას განაცხადა.
მამულაშვილის განცხადებით, რუსეთი ასევე დარჩა შავი ზღვის ფლოტის გარეშე და უკრაინელები დომინირებენ შავ ზღვაში.
„არ მუშაობს არცერთი ქარხანა, რომელიც დღეს აწარმოებს ამ თვითმფრინავების ნაწილებს და შეუძლებელია ამ ზარალის ანაზღაურება. ეს თვითონაც ძალიან კარგად იციან და მეორე დღეა კომენტარების გარეშე ტოვებენ ამ საკითხს. რუსეთი ვერ შეძლებს ამ ზარალის აღდგენას, ეს არის უდიდესი სტრატეგიული ზარალი. რუსეთი ფაქტობრივად დარჩა ძირითადი ბომბდამშენების, სტრატეგიული ავიაციის გარეშე.
რუსეთი ასევე დარჩა შავი ზღვის ფლოტის გარეშე. ფაქტობრივად შავი ზღვის პირეთ დღეს აკონტროლებს უკრაინა. აბსოლუტურად მთელი ფლოტის გაყვანა მოუწია მიმდებარე ტერიტორიებიდან და ფაქტობრივად ფლოტი გადამალული ჰყავს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები დომინირებენ შავ ზღვაში. უკრაინელები უკვე სპეცოპერაციებს ატარებენ რუსეთის ტერიტორიაზე და ეს წინაპირობაა იმისა, რომ რუსეთი დამარცხდეს. რაც მალე აღიარებს ამ დამარცხებას რუსეთი, მით უკეთესი იქნება ეს მისთვის“, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის მოსალოდნელ საპასუხო ქმედებებს, მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ „ვერაფერ ახალს ვერ შესთავაზებს, ვერაფერ ახალ შიშს ვერ დათესავს რუსეთი უკრაინაში იმიტომ, რომ ფაქტობრივად რუსეთმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი“.
„რუსეთისგან რატომღაც ელოდებიან სასწაულ რეაქციას, როგორც ზესახელმწიფოსგან. რუსეთი არ არის ზესახელმწიფო და უკრაინამ ეს უკვე დაამტკიცა. რუსეთს რაც შეუძლია ისაა, რომ მანიპულირება დაიწყოს ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამით შეიძლება შეაშინოს დასავლეთი, ისიც გარკვეული პოლიტიკოსები, რაღაც ნაწილმა უკვე გამოიმუშავა იმუნიტეტი და აღარ აღიქვამს სერიოზულად. ვერაფერ ახალს ვერ შესთავაზებს, ვერაფერ ახალ შიშს ვერ დათესავს რუსეთი უკრაინაში, იმიტომ, რომ ფაქტობრივად რუსეთმა გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი და გამოიყენე აყველა იარაღი, ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებს“, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
