უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერებით იყო მოწამლული, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში მამულაშვილი ამბობს, დაახლოებით 4-5 თვის წინ მუცლის არეში, ნაწლავებთან დაკავშირებული სამედიცინო ჩვენებით მიმართა კლინიკას, სადაც გადიოდა მკურნალობას, თუმცა ვერ ირკვეოდა მის ორგანიზმში არსებული ანთების გამომწვევი მიზეზები. თვე-ნახევრის წინ გერმანიაში გაიგზავნა ანალიზები, მიღებული ტოქსიკოლოგიური დასკვნის მიხედვით კი გაირკვა, რომ მის ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით აღმოჩნდა სამი ტოქსიკური ნივთიერება: დარიშხანი, ვერცხლისწყალი და კალა.
“ვერ ხვდებოდნენ ანთების გამომწვევ მიზეზს, გამოძიებაც დაიწყეს, ამჟამად ტოქსიკოლოგიური მაჩვენებლები დაწეულია. ფაქტია მაღალი მაჩვენებლები იყო. როგორც ამიხსნეს საკვებით არის უფრო მიღებული, ფხვნილის სახით არის საკვებში შერეული, ხანგრძლივი მკურნალობა მიტარდებოდა, სხვადასხვა ორგანოების ანთება მიმდინარეობდა ღვიძლის და სხვა. რა კურსსაც გავდიოდი უფრო დამდგარი შედეგის ანუ ანთების მკურნალობა მიტარდებოდა”, – ამბობს მამუკა მამულაშვილი.
მისი სიტყვებით, უკრაინაში მისი მოწამვლის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
რუსულ საინფორმაციო წყაროებში მანამდე რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია “ქართული ლეგიონის” მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მამუკა მამულაშვილის და „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული დაქირავებული მებრძოლების გადაბირების და შეიარაღებულ კონფლიქტში მათი ჩართვის მუხლებით. თებერვალში მოსკოვის ბასმანის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელს უშანგი (მამუკა) მამულაშვილს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.