მამუკა გამყრელიძე – შეიძლება ერთი-ერთზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს, რაც მომავალში საქართველოს პოლიტიკური პროცესისათვის კატასტროფა იქნება

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებით, IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ჩანს, რომ შესაძლოა, პარლამენტში „ერთი-ერთზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს, რაც საქართველოს პოლიტიკური პროცესისათვის კატასტროფა იქნება“.
როგორც მან, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს ცალ-ცალკე 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ და პოლიტიკური გაერთიანებაა საჭირო.
„პოლიტიკური ნაწილი ერთი-ერთში დაემთხვა იმ განწყობას და იმ შეხედულებებს, რაც ჩვენს პარტიას ჰქონდა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ცალ-ცალკე ყველა [პარტიას] გაუჭირდება. ამას უკვე წელიწადია ვიძახით. პარტიების მხრიდან გვესმის, რომ ჩვენთვის პრობლემა არ არის 5%-იანი ბარიერის გადალახვა. ყველა კვლევა უჩვენებს, რომ ძალიან გაუჭირდებათ. შეიძლება ერთი-ერთზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს, რაც მომავალში საქართველოს პოლიტიკური პროცესისათვის კატასტროფა იქნება. ვერ გადალახავთ, ამისთვის პოლიტიკური გაერთიანებაა საჭირო. ბლოკები არ არის და ხელისუფლებამ თავიდანვე იზრუნა ამაზე. კონსტიტუცია ისე შეცვალა, რომ ბლოკები აიკრძალა. მათ გარეშე ხელისუფლება ვერ იცვლება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ხერხი, ეს პოლიტიკური გაერთიანებაა. შეიკრიბოს სულ ყველა და თუნდაც ერთი პარტიის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ და ყველამ ერთად დაამარცხოს „ქართული ოცნება“, შემდეგ უკვე, კონსტიტუციის შეცვლაც შეიძლება და არა ასეთი დრაკონული საარჩევნო სისტემის მიღება, არამედ უფრო მშვიდის. ანუ, მაღალი ბარიერი და ბლოკები ან დაბალი ბარიერი და ბლოკები არ არის. ერთ-ერთი უნდა იყოს. ბარიერიც როცაა და ბლოკებიც აკრძალულია, ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელი ხდება“,- განაცხადა მ.
რაც შეეხება IRI-ის კვლევის შედეგს, რომლითაც გამოკითხულთა 73% თვლის, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ა, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ არსებობს იმის ცუდი ტენდენცია, რომ რუსების მიმართ გაღიზიანების მაჩვენებელი იკლებს.
„საქართველოს მოსახლეობა გადასარევად ხვდება ვინ არის მისი მტერი და ვინ არის მისი ძირითადი მოწინააღმდეგე. მაგრამ აქ ერთი ძალიან ცუდი ტენდენციაა. მართალია, მცირე მაგრამ, კლება მაინც არის რუსების მიმართ გაღიზიანების, იყო 79%, გახდა 73%. ნელ-ნელა იკლებს ის, რომ რუსები ასეთი რაოდენობით საქართველოში არ უნდა შემოდიოდნენ. მაინც მაღალია [მაჩვენებელი], მაგრამ ტენდენცია კლებისკენაა, რაც ცუდია. ამ ხალხის ქართულ სოციუმში ინტეგრირება რომ ხდებოდეს, ბიზნესში, ურთიერთობებში, ქართულად საუბარს რომ იწყებდნენ… ვხედავთ, რომ ეს ასე არ ხდება, პირიქით, ისინი თავთავისი სოციუმის გარშემო გროვდებიან. ეს არის ძალიან საშიში. ჩვენ არ ვიცით რა ხალხი შემოდის. შეიძლება, 100-დან 90 ძალიან კარგი იყოს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ არ ვარ წინააღმდეგი რუსების შემოსვლის. იმიტომ, რომ საუკეთესო ნაწილი რუსებისა რაც შეიძლება ყოფილიყო, ის შემოდის. ეს არის ახალგაზრდა, განათლებული, მოტივირებული, ასე თუ ისე, ფინანსურად დამოუკიდებელი ადამიანი. ასეთი ადამიანების გამოყენებაა საჭირო. ამის გარდა, 90 კარგიაო, მაგრამ 10 ვინ არის ჩვენ ხომ არ ვიცით. ვინც შემოდის, იმ ადამიანების მონიტორინგი არ ხდება. რეალური საფრთხეა იმისა, რომ ამ 10-ში ვიღაცები იყვნენ სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ისეთი ადამიანები, ვისაც ქვეყნისთვის რაღაცის დაშავება უნდათ“,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
ამასთან, მისივე შეფასებით, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ პარტნიორობას საქართველოს მოსახლეობა „არც ეთანხმება და საერთოდ, არ აინტერესებს, რადგან იცის, რომ ეს უბრალოდ ფარატინა ფურცელია“.
„მე ასე ვიტყოდი, რომ საქართველოს მოსახლეობა არც ეთანხმება [საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკურ პარტნიორობას] და არც არ ეთანხმება, საერთოდ არ აინტერესებს ეს ამბავი. შინაგანად გადასარევად ხვდება, რომ ეს ფარატინა ქაღალდია და აბსოლუტურად არაფერს არ იძლევა, იმიტომ, რომ ასეთი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთს მსოფლიოს ქვეყნების ორ მესამედთან აქვს. ასე ვთქვათ, ეს მხოლოდ ცერემონიული ქაღალდია. მაგრამ ამ ქაღალდშიც კი, საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს მიმართ უპატივცემულობა გამოიხატა. არამარტო ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აქ ყველაზე მძიმე საერთაშორისო ნაწილი და ის ნაწილია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ ჩინურ გზას. რეალურად, ეს კომპარტიის ყრილობის რეზოლუციებიდან იყო გადმოწერილი. ასეთი ტექსტის შეუთანხმებლად ხელისმოწერა უბრალოდ გასაოცარი, მიუღებელი და სიმართლე რომ გითხრათ, შეურაცხმყოფელიც არის. ამას ხალხიც ხვდება“,- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!