არ ვიცი კონკრეტულად ვინ დადიოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ მე, არც პირველი ვარ და, არც ერთადერთი, ვინც ამაზე საუბრობდა, – ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საკუთარი განცხადება განმარტა, სადაც ის ამბობდა, რომ „ნურც ის გაგიკვირდეთ, რომ ვიღაც ვიღაცები დარბოდნენ და იძახდნენ, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო და კარგად ვიცი იმიტომ, რომ იქ ვიყავი“.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას კონკრეტული სახელის და გვარის დასახელება, გამყრელიძე პასუხობს, რომ კონკრეტული გვარი და სახელი, არც გაუგია და დასძინა: „სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ მინდოდა გამეგო“,- აღნიშნა მან.
„არ ვიცი კონკრეტულად ვინ დადიოდა და ლაპარაკობდა, მაგრამ მე, არც პირველი ვარ და, არც ერთადერთი, ვინც ამაზე საუბრობდა. ევროკავშირის სტრუქტურებში იყო საუბრები, საიდანაც გამოდიოდა ამბავი, რომ იყო განსხვავებული აზრები ამ თემასთან დაკავშირებით“,- განაცხადა მან.
კითხვაზე, საუბრები ოპოზიციაში იყო თუ არა, გამყრელიძე ასე პასუხობს: „არც ის დამიკონკრეტებია, რომ ოპოზიციაში იყო საუბარი“.
„რომ გავიგო ეს ამბავი, ეს რას შემატებს. ამ ადამიანზეც წამიხდება შთაბეჭდილება, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენ ხომ გავაკეთეთ მთავარი და მივიღეთ სტატუსი. ეს ადამიანები ცოტანი იყვნენ.
ევროკავშირის სტრუქტურებშიც ხდება ჩვენი მედიასივრცის და სოციალური ქსელების მონიტორინგი. კარგად იციან ვის რა შეხედულება აქვს. მე რომ დავიწყე სოციალური ქსელების მონიტორინგი, ვნახე, რომ ოპოზიციურად განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი აცხადებდა, რომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი“,- განაცხადა გამყრელიძემ.
კითხვაზე, საფრთხე გადავლილია და არსებობს თუ არა რისკები, გამყრელიძის მოსაზრებით, თუ დათქმები შესრულდება, არ არსებობს პოლიტიკოსი, ვინც მოახერხებს საქართველოს წინსვლა ევროკავშირის გაერთიანებაში დაბლოკოს.
„საქმე იმაშია, რომ სტატუსის მიღება იყო მნიშვნელოვანი. რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და სტატუსი მოგვცეს ახლა, სამუშაო პროცესი უნდა დაიწყოს, დათქმებია შესასრულებელი. თუ ჩვენ ამ პუნქტებს შევასრულებთ, არ არსებობს პოლიტიკოსი, ვინც მოახერხებს დაბლოკოს ჩვენი წინსვლა ევროკავშირის გაერთიანებაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.