მამის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მამის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 თებერვალს, თბილისში, გლდანის რაიონში, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.