მამა ლეონი: პატრიარქი ფილარეტი იყო საკუთარი ერის ნამდვილი წინამძღვარი

სიცოცხლის 98-ე და მღვდელმთავრობის 65-ე წელს ღვთივმიიცვალა სრულიად უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი.
დიდია ჩემი მწუხარება ჩემი ხელდამსხმელი მღვდელმთავრის – უწმინდეს ფილარეტის გარდაცვალების გამო.
ის არ იყო ჩემთვის უბრალოდ ეკლესიის წინამძღვარი, არამედ იგი იყო სულიერი მამა, რომელმაც სრულიად ახალგაზრდა მიმიღო უკრაინის დიდებულ ეკლესიაში. ეკლესიაში, რომელშიც არასდროს მიგრძვნია უცხოობა, არამედ მხოლოდ უდიდესი მიმღებლობა, სიყვარული და სულიერი თავისუფლება.
პატრიარქი ფილარეტი იყო არა მხოლოდ ეკლესიის მწყემსმთავარი, არამედ საკუთარი ერის ნამდვილი წინამძღვარი. იგი მუდამ იდგა უკრაინელი თავისუფლებისმოყვარე ხალხის გვერდით, მაშინაც კი, როდესაც ეს მარტივი არ იყო და დიდ სიმტკიცეს მოითხოვდა. მისი მართლმკვეთელი სიტყვა ყოველთვის იყო თავისუფლების, ღირსებისა და სულიერი დამოუკიდებლობის გამომხატველი.
უდიდესია მისი ღვაწლი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების იმ ისტორიულ გზაზე, რომელმაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ეროვნული მნიშვნელობაც შეიძინა. მისი შეუპოვრობა, სიმტკიცე და რწმენა გახდა ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეკლესიის თავისუფლებისა.
ამას გარდა, განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი როლი თავად უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. “მაიდნის” დროს ეკლესია არ დარჩა მოვლენებს მიღმა, მეტიც, პატრიარქის კურთხევით არაერთი ტაძარი გადაიქცა დროებით ჰოსპიტლად, სადაც დაშავებულები იღებდნენ პირველ დახმარებასა და მკურნალობას. ამით მან ნათლად დაამოწმა, რომ ეკლესია მხოლოდ ლოცვითი თანადგომით არ შემოიფარგლება, არამედ იგი ფიზიკურადაც დგას თავისი ერის გვერდით, იზიარებს მის ტკვილს და ყველაფერს აკეთებს საკუთარი სამწყსოს დასაცავად.
მისი მამობრივი სიყვარული, სულიერი სიმტკიცე და ეკლესიისადმი სრული თავდადება ჩემთვის დარჩება ნათელ მაგალითად იმისა, თუ როგორი უნდა იყოს კეთილი მწყემსი.
ვლოცულობ მისი უკვდავი სულისათვის. მჯერა, მხოლოდ ღვთის გვერდითაა ადგილი იმ ადამიანისათვის, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ემსახურებოდა ეკლესიას, საკუთარ ხალხსა და სიმართლეს.
სწორედ ისაა ადამიანი, რომელზეც მახსენდება წმიდა წერილის სიტყვები:
“დაინთქა სიკვდილი გამარჯვებით;
სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ (1კორ.15 54-55)
პატრიარქმა ფილარეტმა დაამარცხა საკუთარი ერისა და სამწყსოს ბოროტი ოკუპანტი, რითაც მარადიული სიცოცხლე მოიპოვა.
საუკუნო განსვენება მას!