ხშირად წარმოვიდგენთ ხოლმე შობის სცენას, როგორც ლამაზ, იდეალისტურ სურათს. თუმცა, იესოს შობის დროს ყველაფერი არ ყოფილა ლამაზი და კეთილგანწყობილი. ძე ღმრთისა მოევლინა ამ სამყაროს როგორც ადამიანი და მითოლოგიური გმირების მსგავსად, ისტორიიდან გაქცევის ნაცვლად, მოურიდებლად შეხვდა ისტორიის დინების ყველა დადებით და უარყოფით მხარეს.
შობის სადღესასწაულო საკითხავი სახარებიდან (მთ. 2:1-12) იწყება ერთი უცნაური დაზუსტებით: იესო ქრისტე იუდეის ბეთლემში იშვა მეფე ჰეროდეს დროს. საუბარია ჰეროდე დიდზე, რომელიც თითქმის ოთხი ათეული წელი განაგებდა იუდეას. გარდა იმისა, რომ იყო ბრწყინვალე დიპლომატი და სამხედრო პირი, იგი გახლდათ იუდეის ნამდვილი აღმშენებელი.
დღემდე, პალესტინაში, ყველაზე შთამბეჭდავი არქეოლოგიური ღირსშესანიშნეობანი სწორედ ჰეროდეს სახელს უკავშირდება. მხოლოდ ის რად ღირს, რომ მან განაახლა და ფაქტობრივად ახლიდან ააშენა, იერუსალიმში, სოლომონისეული ტაძარი და როგორც ისტორიკოსები ამბობენ, პირვანდელ ტაძარზე დიდებულიც კი.
ჰეროდესთან მიდიან აღმოსავლელი მოგვები შეკითხვით: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ერთი შეხედვით, მოულოდნელია მისი რეაქცია, რადგან მახარებელი ამბობს, რომ ის “შეძრწუნდა”. როგორ შეიძლება ახალშობილმა ყრმამ შეაძრწუნოს იუდეის ძლევამოსილი მეფე, რომელსაც საუკეთესო კავშირები აქვს რომის იმპერიასთან, ჰყავს საკუთარი ჯარი, არის აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სამეფოს მმართველი?
სინამდვილეში ჰეროდე არის იუდეის არალეგიტიმური ხელისუფალი. მან შესანიშნავად იცის და მასთან ერთად მთელმა ერმაც, რომ ის არ არის ხასმონელთა დინასტიის წარმომადგენელი, რომლებიც ჰეროდემდე ორი საუკუნე მართავდნენ იუდეას. იგი ტახტზე რომაელებმა აიყვანეს, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდათ პალესტინის რეგიონი და ამ ტახტის შესანარჩუნებლად ჰეროდემ სასიკვდილოდ გაწირა ყველა თავისი ოპონენტი, ხასმონელთა მთელი ოჯახი, მათ შორის საკუთარი მეუღლე მარიამნე და შვილებიც კი. დევნილს აზრისაგან, რომ ის ტახტი, რომელზეც იგი იჯდა, იყო მითვისებული და ხელისუფელება სინამდვილეში მას არ ეკუთვნოდა, ყველაგნ შეთქმულება ელანდებოდა, საკუთარ ოჯახშიც კი და დროსთან ერთად, მისი ანგარიშსწორებები, სულ უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდებოდა.
და აი, უკვე სიბერის წლებში, როდესაც ალბათ ეგონა კიდეც, რომ ტახტის ყველა შესაძლო პრეტენდენტი ჩამოიცილა, მასთან მოდის აღმოსავლეთის დელეგაცია, მოგვების სახით და კითხულობს, სად შეიძლება ნახონ ახალშობილი მეფე იუდეისა, რათა თაყვანი სცენ მას? ამ ფონზე აღარ არის გაუგებარი ჰეროდეს შეძრწუნება და არც მისი განზრახვა, როგორც ძალაუფლებაზე დამოკიდებული ყველა ტირანისა და უზურპატორისა, ღვთაებრივი ყრმაც ამოშალოს შესაძლო კონკურენტების სიიდან.
ზუსტად არ ვიცით, სად შეხვდნენ მოგვები ჰეროდე მეფეს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლადაშენებულ ჰეროდიუმში, დიდებულ ციხე-სასახლეში უნდა შემდგარიყო აღმოსავლეთიდან მოსული ვარსკვლავთმრიცხველების ვიზიტი, მაშინ, როდესაც ის, ვისაც ჰეროდე კონკურენტად აღიქვამდა, მწყემსების სადგომში დაიბადა, იქ სადაც “ვითარცა ოქრობრწყინვალი პალატი, ქვაბი იცნობებოდა” (შობის საგალობლიდან). მაშინ, როდესაც თავის უმდიდრეს სასახლეში ჰეროდეს ასეულობით ყმა ემსახურებოდა, ის ახალშობილი, ვისაც იგი ებრძოდა, ბეთლემში “მსახურთა თანა აღირაცხებოდა” (წინასაშობა საგალობელი).
ჰეროდე, დიდად წოდებული, ყველაზე სულმდაბლურად გადაწყვეტს შეიტყოს ახალშობილი მხსნელის ადგილსამყოფელი. მოგვებს ეუბნება რომ წავიდნენ, იპოვონ ის და მასაც შეატყობინონ, რათა თავადაც თაყვანი სცეს მას. რა თქმა უნდა, ჰეროდე იტყუება, როგორც ყველა, ძალაუფლებაზე შეყვარებული და მისგან გონდაკარგული ადამიანი. მოგვებს ჰეროდეს ნამდვილი განზრახვა ანგელოზმა გაანდო, ისტორიას კი ამ განზრახვის მოწმედ, მისი ბრძანებით, ბეთლემში ამოხოცილი ორწლამდე ბავშვების სისხლი რჩება.
ეს არის შობის სცენის “მეორე მხარე”, რომელიც ხშირად თვალთახედვიდან გვეკარგება ხოლმე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ ეს არის რეალობა იმ ისტორიისა, რომელშიც ღვთის ძე დაეშვა, და არ შეუშინდა მისი ყველაზე ბნელი და და შემაძრწუნებელი ფსკერის მოხილვასაც კი.
ისტორიის ეს დინება გრძელდება და გაგრძელდება მეორედ მოსვლამდე, მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცით რომ შეუძლებელია ერთ მხარეს იდგნენ მოძალადეები და ჩვილი იესო, ძალაუფლების უზურპატორები და სამყაროთა მეუფე, მკვლელები და სიცოცხლის მომნიჭებელი სიცოცხლე, ტაძრის მაშენებელი ტირანები და ცოცხალი ტაძარი.