მომღერალ ლიზი დარასელიას უკვე უწოდეს “გოგო აღმოჩენა”. ის სახელოვანი ფეხბურთელის – ვიტალი დარასელიას შვილიშვილია. ამბობს, რომ ეს სტატუსი მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ლიზი ReActive Band-ის წევრია და სხვადასხვა დროს “პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს” და “ნიკოს შოუს” მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდა.
“5 წლის ვიყავი, “ბასტი ბუბუს” კარაოკე, მიკროფონი და დინამიკები მიყიდეს. “თუ თუ თუ” რომ ვიმღერე, დედამ აღმოაჩინა, – მგონი, ჩემი შვილი მღერისო. ლალიკო ბერაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ჩემში დიდი შრომა ჩადო, მისი მადლიერი ვარ. საკუთარ თავზე გამუდმებით ვმუშაობდი, ვახურებდი ყელს, ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.
არა მხოლოდ მუსიკაში, ცხოვრებაშიც ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ. ახლახან პროექტში “გვაჩვენე შენი ხმა” რომ გავდიოდი, მშობლებმაც კი არ იცოდნენ. ბენდი, პატარა პოპულარობა, რაც გამაჩნია, ეს ყველაფერი ჩემი დამსახურებაა, მარტო ვუმკლავდები ყველა გამოწვევას, თუმცა იმასაც ყველგან აღვნიშნავ, რომ ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ვარ.
ბაბუის სახელს იმხელა პატივს სცემენ, ძალიან უხერხული იქნება, არ დაგეთანხმოთ. როდესაც ასეთი ადამიანის შვილიშვილი ხარ, როდესაც მის სახელს და გვარს ახსენებ, საზოგადოებას შენ მიმართ დადებითად განაწყობ”, – ამბობდა ლიზი.
ლიზი დარასელია სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მას რჩეულმა, საბა ბალაძემ ხელი დაბადების დღეზე სთხოვა. ეს მომენტი ლიზისთვის ძალიან მოულოდნელი და ემოციური აღმოჩნდა, კადრებმა კი სოციალური ქსელები მოიარა.
ამჯერად ლიზი დარასელია ოჯახზე, ქორწილსა და სამომავლო გეგმებზე „დღის პოსტის” ეთერში ისაუბრა.
„დაბადების დღეზე მთხოვა ხელი. ძალიან გაკვირვებული დავრჩი. შეყვარებული როცა გყავს, რა თქმა უნდა, ელოდები, რომ ხელს გთხოვს, მაგრამ იმ მომენტში მართლა არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას. დედაჩემის რეაქცია სრული შოკი იყო, ტიროდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ყველაზე მაგარი დაბადების დღე წელს მქონდა და ამისთვის დიდი მადლობა საბას. შეიძლება ითქვას, ჩემი გული მოიგო. ხელის თხოვნის შემდეგ რომში წავედით მეგობრებთან ერთად. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ეს არ იყო თაფლობის თვე. თაფლობის თვე ქორწილის მერე გვექნება, “ – ამბობს ლიზა.
ერთმანეთი საერთო მეგობრებთან გავიცანით. საბამ თავიდანვე მითხრა, მეგობრულად არ გიყურებო. ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მან თავისას მიაღწია… ქორწილს ცოტა მოგვიანებით გადავიხდით, რადგან მამა ამერიკაშია და მის ჩამოსვლას ველოდებით. უკვე ვიცი, ქორწილში როგორი კაბა მეცმევა. კლასიკური კაბები მიყვარს, მაგრამ საქორწილო კაბა გრანდიოზული იქნება“, – თქვა ლიზი დარასელიამ.
