“მამარდაშვილის ტრანსფერზე “ლივერპულს” რამდენიმე კლუბმა მიმართა – გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ” – ბრიტანული მედია

ალისონთან კონტრაქტის გაგრძელებამ, შეიძლება გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ წასვლა გამოიწვიოს, – იტყობინებიან ინგლისური გამოცემები.
OneFootball-ის ცნობით, „ლივერპულს“ მამარდაშვილის ტრანსფერზე უკვე დაუკავშირდა ევროპის და პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი:
„გულშემატკივრები აღიარებენ მამარდაშვილის პოტენციალს: სიმაღლეს, რეაქციას, ქარიზმას და იმას, რომ შეუძლია რაღაც განსაკუთრებულ დონეს მიაღწიოს. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში ძნელია მოთმინებით აღიჭურვო. მერსისაიდული კლუბის ამოცანა მისი შენარჩუნებაა, არაა გამორიცხული რომელიმე გუნდში იჯარით გაშვება, სადაც საჭირო გამოცდილებას მიიღებს. იმისათვის, რათა გაყიდონ, სერიოზული შეთავაზება უნდა მიიღონ. ფეხბურთში რაიმეს პროგნოზირება ძნელია, ხანდახან ყველაფერი უეცრად იცვლება და ფანების უმეტესობას ქართველის დაკარგვა არ სურს“.
Sports Mole წერს: „რამდენიმე კლუბმა „ლივერპულს“ იმედგაცრუებული მამარდაშვილის შესახებ წინადადებით მიმართა. „წითლებმა“ „გალათსარაისთან“ 0:1 მარცხი განიცადეს, მაგრამ გიორგიმ ქომაგების მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, მწვრთნელმა არნე სლოტმა „ტოტენჰემთან“ ალისონი ათამაშა და ალბათ, ოთხშაბათს „ენფილდზე“ „გალათასარაისთან“ საპასუხო მატჩშიც ბრაზილიელს ჩააყენებს კარში.
როგორც იტყობინებიან, ფიზიკური პრობლემების მიუხედავად, სლოტი მომავალ სეზონშიც ბეკერს ძირითად მეკარედ მიიჩნევს და კლუბი განიხილავს – მამარდაშვილს იჯარით წასვლის უფლება მისცეს თუ სამუდამოდ გაუშვას. ქართველის მიმართ მზარდი ინტერესის გამო, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება მართებთ.
ალისონს ხელშეკრულება გაუხანგრძლივეს, თუმცა „იუვენტუსის“ ინტერესის გათვალისწინებით, ბრაზილიელის საკითხი გაურკვეველია. მამარდაშვილი იმ ასაკშია, როდესაც მისი დონის ფეხბურთელს სტაბილურად თამაში სჭირდება. თუ ამის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება, შეიძლება ისეთივე სიტუაცია შეიქმნას, როგორიც კუივინ კელეჰერის შემთხვევაში იყო“.