„მამაკაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“

„ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს“ – უახლესი კვლევის მიხედვით, ამ მოსაზრებას გამოკითხული მამაკაცების 22%-ზე მეტი და ქალების თითქმის 17% ეთანხმება.
მამაკაცების თითქმის ნახევარი კი მიიჩნევს, რომ ძალადობა ქმარსა და ცოლს შორის პირადი საკითხია და რომ ამაში სხვები არ უნდა ჩაერიონ.
მამაკაცების 20%-ს სჯერა, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ქალი ცემას იმსახურებს. ახალი კვლევა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა, გენდერულ როლებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებს სწავლობს.
„აზრი, რომ ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს, ჯერ კიდევ გავრცელებულია საზოგადოებაში. და სამწუხაროდ, პროცენტულადაც იზრდება იმ ადამიანების წილი, ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმება. კვლევის ანალიზმაც აჩვენა, რომ ზოგადად ძალადობა, არ მინდა ვთქვა, რომ ნორმალიზებულია, თუმცა არასწორადაა აღქმული. ისეთ რთულ საკითხთან მიმართებით, როგორიც გაუპატიურებაა, ხშირ შემთხვევაში ვხვდებით მოსაზრებას, რომ თუკი ქალს აუპატიურებენ, ე. ი. მან ეს რაღაცით დაიმსახურა“,- ამბობს მარიკა ბანძელაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში.
მათი წილი, ვინც თვლის, რომ ქალმა ოჯახის შენარჩუნებისთვის ძალადობა უნდა მოითმინოს, 2019 წელთან შედარებით მამაკაცების შემთხვევაში 4%-ზე მეტით, ქალების შემთხვევაში კი, თითქმის 6 პროცენტითაა გაზრდილი.
კვლევის მიხედვით, მამაკაცების მეხუთედი ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს სურთ, რომ გააუპატიურონ.
კიდევ უფრო მეტი მამაკაცი ფიქრობს, რომ თუ ქალს აუპატიურებენ, ეს ნიშნავს, რომ მან რაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო. ყოველი მესამე მამაკაცს კი ჰგონია, რომ თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურად არ ეწინააღმდეგება, ფაქტი გაუპატიურებად ვერ შეფასდება.
ასევე, თითქმის ყოველ მესამე მამაკაცს მიაჩნია, რომ გაუპატიურების შემთხვევებისას ისმის კითხვა, აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იმ მამაკაცების რაოდენობა, ვინც გაუპატიურების შემთხვევებს ქალის დაუდევრობას უკავშირებს, 14-დან 21%-მდე გაიზარდა.
2019 წელთან შედარებით გაზრდილია მათი რაოდენობაც, ვინც ეთანხმება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 50% ეთანხმებოდა, 24 წლის მონაცემების ეს მაჩვენებელი 57%-ია.
თითქმის 10%-ითაა გაზრდილი იმ რესპონდენტების წილიც, ვინც მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. ამავდროულად, გამოკითხულთა 62%, თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა.
კვლევაში გამოკვეთილია, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მხარს ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს.
„მონაცემებიდან გამოჩნდა, რომ თაობებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ახალგაზრდები უფრო პროგრესულად აზროვნებენ, უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვთ, ვიდრე ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც უფრო ტრადიციულ მიდგომებს იზიარებენ“, -აღნიშნავს დაგლას უები, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
საინტერესოა სხვა ტენდენციებიც, რომლებიც 2024 წლის მონაცემების წინა წლების მონაცემებთან შედარებით გამოიკვეთა. მაგალითად ის, რომ 2019 წელს, მშობლების სახლის თანაბრად განაწილებას მამაკაცების 60.6% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს, ეს მონაცემი 51.5%-მდე შემცირდა.