მალის, ნიგერისა და ბურკინა-ფასოს ხუნტის ლიდერებმა კონფედერაციის შეთანხმება გააფორმეს

6 ივლისს 3 აფრიკული ქვეყნის ხუნტის ლიდერები: მალის ასიმი გოიტა, ნიგერის აბდურაჰმან ტჩიანი და ბურკინა-ფასოს იბრაჰიმ ტრაორე ნიამეიში შეიკრიბნენ. მათ ხელი მოაწერეს კონფედერაციის ხელშეკრულებას, რომლის მიზანიცაა გააძლიეროს ერთიანი თავდაცვის პაქტი – საჰელის სახელმწიფოების ალიანსი (AES), რომლის შექმნაც გასულ წელს გამოაცხადეს.
“ეს სამიტი წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს ჩვენი საერთო სივრცის მომავლისთვის. საჰელის სახელმწიფოთა ალიანსის კონფედერაციის მეშვეობით ერთად გავამყარებთ ჩვენი ნამდვილი დამოუკიდებლობის საფუძვლებს, ჭეშმარიტი მშვიდობის გარანტიასა და მდგრად განვითარებას.” – დაწერა X-ზე იბრაჰიმ ტრაორემ.
საჰელის სახელმწიფოთა ალიანსის ქვეყნები საერთო თავდაცვის სისტემის შექმნის გარდა აპირებენ საერთო ვალუტის შემოღებასაც. შესაბამისად, ისინი ჩაანაცვლებენ საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილ აფრიკულ ფრანკს, რომელიც რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება.
სიტყვით გამოსვლის დროს ნიგერის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმა ტჩიანიმ თქვა, რომ ECOWAS-ის (დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკური საზოგადოება) ნაცვლად მას და მის კოლეგებს სურთ შექმნან სუვერენულ ხალხთა საზოგადოება, რომელიც “შორს იქნება უცხოური ძალების კონტროლისგან” და იქნება “აფრიკულ ღირებულებებზე დაფუძნებული მშვიდობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის საზოგადოება”.
ამ სამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებები 2020-2023 წლებში მოხდა. ბოლოს, ნიგერში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ხუნტებსა და ECOWAS-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა. განიხილებოდა ECOWAS-ის ნიგერში ინტერვენციაც. 2023 წლის აგვისტოში მალი და ბურკინა-ფასო პირობას დებდნენ, რომ ნიგერს დაეხმარებოდნენ, თუ მას თავს დაესხმებოდნენ. ამ წლის იანვარში ხუნტის ლიდერები ამბობდნენ, რომ ECOWAS-ის დატოვებას აპირებდნენ.
სამივე ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებები ისლამისტი ტერორისტების ამბოხებების ფონზე მოხდა. ნიგერის, მალისა და ბურკინა-ფასოს ხელმძღვანელებმა საკუთარი ტერიტორიებიდან გააძევეს ფრანგი სამხედროები, რომლებიც ანტიჯიჰადისტურ ოპერაციებში მონაწილეობდნენ. სამივე ქვეყანამ სამხედრო დახმარებისთვის რუსეთს მიმართა.